სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით.
„გადაწყვეტილებები შეეხება სამ საჩივარს, სადაც მომჩივნები დავობდნენ, თითქოს მათ მიმართ წარმოებულ საქმეებში უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე არ იყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. თუმცა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები და სამივე საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მოსამართლეების უვადო წესით განწესება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური და ფუნქციონალური გაძლიერება, მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურების დახვეწა და კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მეშვეობითაც უფრო გამჭვირვალე და თანამედროვე გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე განწესების წესი. ერთ-ერთი საჩივარი, „ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ“, შეეხებოდა საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს. ამ საქმეში მომჩივანი დავობდა, თითქოს მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე იყო მის მიმართ უსამართლო, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა, დაეკითხა მოწმეები. თუმცა ამ საკითხზეც ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და მიიჩნია, რომ ეს პრეტენზია იყო იმდენად დაუსაბუთებელი, რომ არსებით განხილვას არც კი საჭიროებდა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.











