რამდენიმე წლის წინ, ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა კარაგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღი უნდა გამოიყენოს, რათა მათ შეწყვიტონ უკრაინის დახმარება და ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, რუსეთი დასუსტდება და ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპება. იმ დროს მისი განცხადება, ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესახებ არასერიოზულად მიიჩნიეს და ყველა აკრიტიკებდა, მათ შორის პრეზიდენტი პუტინი. დღეს სიტუაცია შეიცვალა. პრაქტიკულად, თითქმის ყველა რუსი პოლიტოლოგი და ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთმა რაიმე ფორმით უნდა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, – წერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟიანძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას და ამ ფონზე, სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში არსებულ ვითარებას აფასებს.
კვიჟინაძის განცხადებით, ამ პერიოდისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ სამშვიდობო შეთანხმების დადება ვერ მოხერხდება ან სხვა ტიპის რაიმე გარღვევა არ მოხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს რეალობად იქცევა.
მისი თქმით, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სწორი და გასაგებია, ასევე, გასაგებია ისიც, რომ ქვეყანაზე ზეწოლა გაიზრდება, თუმცა, საქართველომ უნდა შეძლოს არსებული პოზიციისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობაა.
„რუსეთ-უკრაინის ომი უკვე მე-5 წელია მიმდინარეობს. ყველაზე მეტად ამ ომში დაზარალდა უკრაინა, შემდეგ რუსეთი და ევროპა. აშშ და ჩინეთი „მომგებიან“ სიტუაციაში არიან, განსაკუთრებით აშშ, რადგან:
რუსეთი გადართულია უკრაინის პრობლემაზე და მის გარდა სხვა საკითხებში ვეღარ ერევა, დაკარგა სირია და ვენესუელა, იგივეს გაკეთების მცდელობა აქვს აშშ-ს კუბასთან და ირანთანაც, ამასთან, აშშ შემოვიდა კავკასიაშიც (ზანგეზურის დერეფანი);
რაც შეეხება ევროპას – აშშ-მა დაუწესა ტარიფები, აიძულა 600 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ყოველწლიურად განახორციელოს ამერიკის ეკონომიკაში, შეისყიდოს ამერიკული წარმოების იარაღი საკუთარი და უკრაინის საჭიროებისათვის და, რაც მთავარია, აშშ-სგან შეისყიდოს ძვირადღირებული ენერგორესურსები.
ეს იმ დროს ხდება, როდესაც ევროპის ეკონომიკა ბოლო წლებია არ იზრდება და დაახლოებით ნულის ტოლია, ხოლო რუსეთმაც 2025 წელი თითქმის ნულოვანი ნიშნულით დაასრულა.
ამ სიტუაციაში, გასაოცარი და დასაფასებელია პრეზიდენტ ტრამპის ენერგიული სწრაფვა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისკენ, რასაც მე პირადად ბევრი მიზეზის გამო ეჭვის თვალით ვუყურებ.
მთავარი, რისი თქმაც მინდა:
რამდენიმე წლის წინ, ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა კარაგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღი უნდა გამოიყენოს, რათა მათ შეწყვიტონ უკრაინის დახმარება და ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, რუსეთი დასუსტდება და ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპება. იმ დროს მისი განცხადება, ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესახებ არასერიოზულად მიიჩნიეს და ყველა აკრიტიკებდა, მათ შორის პრეზიდენტი პუტინი.
დღეს სიტუაცია შეიცვალა. პრაქტიკულად, თითქმის ყველა რუსი პოლიტოლოგი და ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთმა რაიმე ფორმით უნდა გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ზოგი კარაგანოვს ბოდიშსაც კი უხდის, რომ არ ესმოდათ მისი, ხოლო ორი დღის წინ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შემდეგ კი პრეზიდენტმა პუტინმა, განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან, რასაც მკაცრი პასუხი მოჰყვება. აქ მთავარი ის კი არ არის, რომ ეს ქვეყნები უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას აპირებენ თუ არა, არამედ ის, რომ რუსეთის ხელისუფლება აჩვევს და ამზადებს თავის მოსახლეობას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის.
ამ პერიოდისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ სამშვიდობო შეთანხმების დადება ვერ მოხერხდება ან სხვა ტიპის რაიმე გარღვევა არ მოხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს რეალობად იქცევა.
მითუმეტეს, რომ რუსეთს ევროპასთან შედარებით ბირთვულ შეიარაღებაში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, ხოლო აშშ-სთან – თანაბარი. ევროპელები და არამარტო ევროპელები, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ისე დღესაც საფუძვლიანად ფიქრობენ, რომ ევროპა-რუსეთს შორის ბირთვული დაპირისპირების შემთხვეაში აშშ არ ჩაერთვება, რადგან ეს მისთვის, ისევე, როგორც რუსეთისთვის, დამანგრეველი იქნება.
ამ ფონზე, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა აბსოლუტურად სწორი და გასაგებია. ასევე, გასაგებია, რომ ზეწოლა გაიზრდება, მათ შორის გადატრიალების მცდელობაც. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ამ კონტექსტში და, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიცია, მათ შორის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას გავზარდოთ ხელფასები, პენსიები და მივაღწიოთ ცხოვრების ისეთ დონეს, რომელიც უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ვისურვებდი და ვუსურვებ ყველას უკრაინაში მალე დამყარდეს მშვიდობა.” – წერს პაატა კვიჟინაძე სოციალურ ქსელში.











