ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე- რატომ უნდა გახდეს გაკიცხვის საგანი ევროკავშირის მხრიდან ენერგორესურსების იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, როდესაც ეს გაერთიანება გაცილებით მასშტაბური იმპორტითაა დაკავებული?

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო ამ ქვეყნისადმი დაწესებული ოფიციალურად სანქციების მიუხედავად, ეს ქვეყნები აგრძელებენ საკმაოდ ინტენსიურ ვაჭრობას აგრესორ სახელმწიფოსთან, პირველ რიგში, ენერგორესურსების იმპორტის სახით“- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, თვით ევროკავშირმა, რომელმაც უკვე მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა 11 პაკეტი, გასულ წელს რუსეთიდან მაინც განახორციელა 18.4 მილიარდი დოლარის ენერგეტიკული რესურსების იმპორტი. დასავლეთს არც აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოები ჩამორჩებიან.

„როდესაც მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში მისაღებია ორი მნიშვნელოვანი გარემოება: 1. თანამედროვე ეკონომიკის განვითარება დიდწილად დამოკიდებულია ენერგეტიკული რესურსების გამოყენების მასშტაბურობაზე და 2. რესურსების შეზღუდულობა და ბიზნესის მოქმედების რაციონალურობის პრინციპი აიძულებს ქვეყნებს აღნიშნული გარემოება იდეოლოგიურ პოსტულატებსა და დოქტრინებზე გაცილებით მაღლა დააყენონ. სწორედ ამგვარი მიდგომის მომსწრენი ვართ ამჟამად დასავლეთის (და არა მარტო!) სახელმწიფოთა პოლიტიკაში რუსეთის ფედერაციის მიმართ. – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო ამ ქვეყნისადმი დაწესებული ოფიციალურად სანქციების მიუხედავად, ეს ქვეყნები აგრძელებენ საკმაოდ ინტენსიურ ვაჭრობას აგრესორ სახელმწიფოსთან, პირველ რიგში, ენერგორესურსების იმპორტის სახით. თვით ევროკავშირმა, რომელმაც უკვე მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა 11 პაკეტი, მართალია, შეამცირა ამგვარი რესურსების იმპორტი, თუმცა გასულ წელს რუსეთიდან მაინც განახორციელა 18.4 მილიარდი დოლარის ენერგეტიკული რესურსების იმპორტი. დასავლეთს არც აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოები ჩამორჩებიან. – ჩინეთი რუსეთიდან 99 საათის (!) განმავლობაში იმაზე მეტი ღირებულების ენერგორესურსების იმპორტს ახორციელებს, ვიდრე საქართველო – მთელი წლის განმავლობაში.

ინდოეთმა კი, რომელსაც ჩინეთთან კონკურენცია დემოგრაფიის სფეროდან თანდათან ეკონომიკის სფეროშიც გადააქვს, რუსეთიდან მისი უკრაინაში შეჭრის შემდეგ წიაღისეული საწვავის იმპორტი თითქმის 10-ჯერ გაზარდა. სად არის ამ დროს საქართველო? საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვე – საერთო სახმელეთო საზღვარი აქვს, არა აქვს თავის ჩრდილოეთის მეზობლისადმი ენერგორესურსებით ეგზისტენციური დამოკიდებულება. – საქართველოს ნავთობის იმპორტში რუსეთის ფედერაციის წილად მხოლოდ 46 პროცენტი და ბუნებრივი აირის 24 პროცენტი მოდის. ამასთან იგი რუსეთიდან განხორციელებული ენერგორესურსების იმპორტის მოცულობით ანალოგიური ქვეყნების პირველ ოცეულიდან საკმაოდ მოშორებით იმყოფება. საკმარისია ითქვას, რომ მისი იმპორტი ამ სიაში მეოცე ადგილზე მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკას დაახლოებით 1.5-ჯერ ჩამორჩება, ხოლო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების დეკლამირებულ და „რეკლამირებულ“ ევროკავშირს – დაახლოებით 26-ჯერ. ასეთ პირობებში, აბსოლუტურად არარიტორიკულ დატვირთვას იძენს კითხვა: რატომ უნდა გახდეს განსჯის და მით უფრო გაკიცხვის საგანი ევროკავშირის მხრიდან ენერგორესურსების იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, როდესაც ეს გაერთიანება გაცილებით მასშტაბური იმპორტითაა დაკავებული? თუ მავანთათვის ისევე ძალაშია ძველი ლათინური გამონათქვამი: Quod licet Iovi, non licet bovi?! („რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს?!“)-წერს იოსებ არჩვაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,239 ნახვა