პოსტები სოციალური ქსელიდან

„თავს საფრთხეში ვგრძნობ“ – მიხეილ სააკაშვილმა Deutche Welle-ს შეკითხვებს უპასუხა

კლინიკა „ვივამედში“ მყოფმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა გერმანული გამოცემის, Deutche Welle-ს შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული აქვს და ციხეში მისი ყოფნა საფრთხესთან არის დაკავშირებული. Deutche Welle-ს შეკითხვებს სააკაშვილმა წერილობით უპასუხა:

Deutche Welleროგორ გრძნობთ თავს? იღებთ თუ არა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებას?

მიხეილ სააკაშვილი: გუშინ ორჯერ დავკარგე გონება (12 ივლისს). თავს სუსტად ვგრძნობ. პრობლემები მაქვს ნევროლოგიური კუთხითაც. გარდა ამისა, კუნთების თითქმის სრული ატროფია მაქვს.

DW: გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ? როგორ გექცევათ პენიტენციური სამსახურის პერსონალი?

მ.ს.: საქართველოს პენიტენციური სამსახური კანონს არღვევს და ჩემთან დეპუტატებს არ უშვებს. ასევე მე არ მაქვს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა საკითხებში რწმუნებულთან დიმიტრი ლუბინცთან შეხევდრის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, თავს საფრთხეში ვგრძნობ. ქართული სპეცსამსახურები რუსულ მხარესთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, ხოლო რუსული ტანკები ჩემი ციხიდან 40 კმ-ში დგანან.

DW: უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენჯერმე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან სამკურნალოდ უკრაინას ან სხვა ქვეყანას გადაგცეთ. ისე ჩანს, თითქოს ევროკავშირში და აშშ-ში თქვენი მხარდამჭერების ხმა არასაკმარისად ხმამაღლა ისმის. რატომ ხდება ასე?

მ.ს.: ევროპარლამენტმა ძალზე მკაფიო რეზოლუცია მიიღო. ჩემი გათავისუფლება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოითხოვეს, მე მხარი დამიჭირეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მისი ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ, დეპუტატმა დავით არახამიამ, ასევე უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა. ძალზე აქტიურია პოლონეთიც და ეს საკითხი ვაშინგტონში უმაღლეს დონეზე არაერთხელ დაისვა.

DW: ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ აუცილებელია აფხაზეთისა და შიდა ქართლის გათავისუფლებისთვის მზადება. თქვენ იგულისხმეთ, რომ ამას ქართული ჯარი გააკეთებს? რა შემთხვევაშია ეს რეალური?

მ.ს.: მე არ მიმაჩნია, რომ საქართველოს საბრძოლო მოქმედებები სჭირდება. უკრაინაში მარცხის შემდეგ რუსეთი ჩვენს ტერიტორიას დატოვებს. სამხრეთ ოსეთში მოსახლეობა თითქმის არ დარჩა, ხოლო აფხაზეთი ნახევრად ცარიელია. მაგრამ ვიდრე ომი მიდის, საქართველო ძალზე დაუცველია.

DW: საქართველო უკრაინელ დევნილებს იღებს. ამასთანავე, საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქეც ჩამოდის, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან. რა რისკებს უქმნის საქართველოს რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ყოფნა?

მ.ს.: ძალიან კარგია, რომ უკრაინელებმა საქართველოში თავშესაფარი ნახეს. ხოლო რუსეთის მოქალაქეების აქ ყოფნა ძალიან საშიშია. იქ, სადაც რუსეთის მოქალაქეები არიან, ყოველთვის პრობლემებია.

DW: უკრაინას და საქართველოს 2008 წელს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, (MAP) რომ მიეღოთ, დაიწყებდა თუ არა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს 2008 წელს და უკრაინის წინააღმდეგ – 2014 წელს?

მ.ს.: ბუქარესტში MAP რომ მიგვეღო, ომები არ იქნებოდა. ომის მანქანა სწორედ ამ სამოქმედო გეგმის არმოცემის შემდეგ ამოქმედდა.

DW: ნატოს ვილნიუსის სამიტზე კვლავ არ გაისმა უკრაინის ცალსახა მიწვევა ნატოში. თქვენ იმედგაცრუებული ხართ სამიტის შედეგებით?

მ.ს.: ჩემი აზრით, ვილნიუსის სამიტი და უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების გზაზე MAP-ის პუნქტის გაუქმება ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიას ნიშნავს და ეს ზელენსკის და უკრაინის დიპლომატიის დიდი მიღწევაა.

DW: უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები თითქოს დღის წესრიგში აღარ არის. თქვენ ჯერ კიდევ გჯერათ, რომ საქართველო ოდესღაც ნატოს წევრი გახდება?

მ.ს.: საქართველო ნატოში მაშინ შევა, როდესაც ჩვენ მოვაშორებთ პრორუსულ მთავრობას და რუსი ოლიგარქი ძალაუფლებას დაკარგავს.

DW: როგორი იქნება, თქვენი აზრით, უკრაინის გამარჯვება რუსეთზე?

მ.ს.: უკრაინის გამარჯვება იქნება 1991 წლის საზღვარზე გასვლა და მოსკოვში რეჟიმის შეცვლა. პუტინის ძალაუფლება შერყეულია და უკრაინის ნებისმიერი გამარჯვება – ზღვაზე გასვლა [აზოვის ზღვის სანაპიროზე – რედ.] ან ბახმუტის გათავისუფლება მის დასასრულს დააჩქარებს. სხვათა შორის, მე მომწონს ვოლოდიმირ ზელენსკის ეს არადიპლომატიური სტილი. 2008 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მე პირადად მთხოვა, რომ უკრაინის მაშინდელი ლიდერი ვიქტორ იუშენკო დამერწმუნებინა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე მას დადებითი კომენტარი გაეკეთებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ანდრეი ერმაკმა და დიმიტრი კულებამ დიპლომატიის ახალი სკოლა შექმნეს და ის თავის ეფექტიანობას აჩვენებს. მსოფლიოში ნამდვილი ლიდერები აღარ დარჩნენ. ზელენსკი კი რეალურად გახდა თავისუფალი სამყაროს ლიდერი და ამით ძალიან ვამაყობ.

DW: რა გსურთ უთხრათ უკრაინელ და ქართველ ხალხს?

მ.ს. ჩემი ცხოვრების ნახევარი მე უკრაინაში გავატარე. მე უკრაინას და საქართველოს ვერ გავყოფ. უკრაინის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ – უკრაინას და საქართველოს, დიდი მომავალი გვაქვს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,905 ნახვა