ეკონომიკა

რომანი ,,კუპონა“ მოუწოდებდა მოსახლეობას საბჭოთა რუბლების შეტანისაკენ ბანკში და მათ გაორმაგებასაც პირდებოდა, რაც ფარსი და ტყუილი აღმოჩნდა- გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ეროვნული ბანკის ირგვლივ აგორებულ კამპანიას ეხმაურება.

“ისტორიული მოვლენების ან ფაქტების დამახინჯების, გნებავთ გადაკეთების არაერთი მაგალითია, ჯერ კიდევ ძველი დროიდან მოყოლებული. ამ ტიპის მცდელობების და ისტორიის გადაწერის მიზანი, ძირითადად იმ დროინდელი ცალკეული პირების, მართველი ძალების ან იმპერიების ქმედებების გამართლება ან დიდების შარავანდედით შეფუთვა იყო. საბჭოთა კავშირის ისტორია ამ ფენომენის თავისებურ მაგალითადაც კი შეიძლება გამოდგეს ან თუნდაც რუსეთ-უკრაინის და სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტში ისტორიული მოვლენების საკუთარი ინტერპრეტაციები. საკუთარი თავის ისტორიაში შეყვანის ყველაზე ცნობილი მაგალითი კი უდავოდ ჰეროსტრატეა, რომელმაც ძვ. წ. 356 წელს გადაწვა არტემიდას ტაძარი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ შვიდ საოცრებად მიჩნევა.

ეს მცირე ისტორიული რაკურსი კი იმისათვის მოვიყვანე, რომ როგორც ჩანს, საქართველოს უახლოესი ისტორიის, გადაწერის თუ დაკორექტირების მსურველად ჩვენთან რომან გოცირიძე გვევლინება. ბოლო დღეებია სურს დაამკვიდროს აზრი, რომ ის იყო ქვეყნის მთავარი რეფორმატორი და არც მეტი და არც ნაკლები საბანკო და საფინანსო სისტემის ბურჯი, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ წამყვან მონაპოვარ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და ხატოვნადაც მიანიშნებს-ქალბატონმა თურნავამ ხელისუფლების ხელით „30 წამში ჩამოშალა 30 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკისადმი ნაშენები ნდობაო. რაც მთავარია, თუ მისვე განცხადებებს დავესესხებით ეს ნდობა, დიდწილად სწორედ მისი ნაშენები ყოფილა, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტებიც მას დაუფრთიანებია, ხოლო კუპონიზაცია სულაც სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს ნოდარ ჯავახიშვილს დააბრალა.

ვფიქრობ, ამ საკითხზე ნოდარ ჯავახიშვილმა მას საკმაოდ არგუმენტირებულად უპასუხა და ისიც აღნიშნა, რეალურად თუ ვინ ჩამოაქცია მაშინ ქართული ეკონომიკა, ბუნებრივია რომან გოცირიძეზეა საუბარი. მე მეტს აღარ შევეხები. უბრალოდ ავღნიშნავ, რომ მისივე ბიოგრაფიიდან 1992 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრად. იმავე 1992 წელს დაიკავა საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტი, 1992 წლის ნოემბრამდე. კუპონა კი იმიტომაც უწოდეს, რომ ის მოუწოდებდა მოსახლეობას საბჭოთა რუბლების შეტანას ბანკში და მათ გაორმაგებასაც პირდებოდა. მართალია, კუპონი მიმოქცევაში 1993 წლის აპრილში შემოვიდა, როდესაც ის აღარ იყო მთავრობის წევრი და უკვე პარლამენტში იყო გადასული, მაგრამ იმ პერიოდში ქვეყანა რჩებოდა რა რუბლის ზონაში, ფაქტიურად არანაირი პრევენცია არ გაკეთებულა სიტუაციურ ანალიზზე მოსკოვი თუ შეგვიწყეტდა ფულის ნიშნების მიწოდებას რა უნდა გაკეთებულიყო, ხოლო კუპონის შემოღება არა წინასწარ გათვლილი, არამედ უკვე იძულებით გადადგმიული ნაბიჯი იყო.

შემდგომში სწორედ ეს გაუთვლელობა და სპონტანურობა გახდა კუპონისადმი უნდობლობის მთავარი მიზეზი ანუ იმ დროინდელი ქვეყნის ხელისუფლების სურვილი, რომელსაც ბატონი რომანი წარმოადგენდა “რუბლის ზონაში” მუდმივი ან დროებითი დარჩენის შესახებ“, და ნაკლებად ფიქრით დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წარმოებაზე, რაც მისი მოვალეობაც იყო, თან იმის ფონზე როდესაც მთავრობა რუსეთისათვის საკუთარი პრობლემების გადაბრალებისა და კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებდა. ეს ცოტა რამ ისტორიული წარსულიდან, რომლის გადაწერასაც ახლა ცდილობს…

ვფიქრობ, დღევანდელი მისი გააქტიურება კი არ არის შემთხვევითი, რადგან ახლა როდესაც ოპოზიციას სებ-ის ირგვლიავ აგორებული სკანდალი არ გამოუვიდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. სურს თავიდან მოიცილოს „კუპონად“ წოდებული მეტსახელი, რაც მას ხალხმა ანუ ისტორიამ სამართლიანად შეარქვა და მეორე, წმინდა პოლიტიკური – ამ ნაბიჯით „დაარტყა“ არა მხოლოდ ნათია თურნავას, არამედ ნოდარ ჯავახიშვილსაც რომელიც წლების წინ ბანკი “ქართუს” მმართველი და ქართული ოცნების ერთ-ერთი სახეც იყო.

ისტორიული რეალობა კი ცოტა სხვაგვარია და ახლა რასაც ვხედავთ ეს არის მისი მხრიდან მისი გადაწერის თუ დაკოტრექტირების წარუმატებელი მცდელობა და მეტი არც არაფერი.

დავიწყოთ იმით, რომ ყველა სხვა ბრალდებებს თუ პრეტენზიას თავი რომ დავანებოთ რომან გოცირიძე იყო ეროვნული ბანკის ყველაზე უდღეური მმართველი, რომელიც 2 წელიწადზე ცოტა მეტ დროში საკანდალურად ტოვებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს, როდესაც მართლა უპრეცედენტო რამ მოხდა – დაიწვა ფულის საცავი, რის შედეგადაც ასი ათასამდე აშშ დოლარი განადგურდა, ხოლო 14 პირი ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა ფულის შენახვასთან და უტილიზაციასთან დაპატიმრებული იყო! ეს საქმე დღემდე დიდი ბურუსითაა მოცული, ხოლო მსგავსი სკანდალი მართლა არ ახსოვს ამ 30 წლის პერიოდში ქართულ საბანკო სისტემას, პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომით და თუ სებ-ისადმი ნდობაზეა საუბარი, ყველაზე დიდი რეპუტაციული დარტყმა მაშინ მიადგა! ამასთან, მისი გადაგომის შემდეგ კიდევ არც თუ მცირე პეროდში სებ-ს პრეზიდენტი არ ჰყავდა და ქვეყნის მთავარ ბანკს მოვალეობის შემსრულებელები მართავდენ.

მართალია, ახალ ჰეროსტრატედ ვერ იქცა, უარყოფითი თიკუნის ტარებაც მძიმე რამ არის, თუმცა ვუსურვებ დაფიქრდეს, გაანალიზოს და ისტორიული რეალობა შელამაზების გარეშე დაწეროს, თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებით, რაც გაცილებით ღირებული იქნება ისტორიისა და მომავალი თაობისათვის,”- წერს ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,242 ნახვა