პოლიტიკა

იაგო კაჭკაჭიშვილი – მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ხიდი საბოლოოდ ჩატეხილია, კონფრონტაცია შეიძლება გაღრმავდეს თუ ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს 

ხიდი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის საბოლოოდ ჩატეხილია, – ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

კაჭკაჭიშვილმა ისაუბრა დეპოლარიზაციის შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, რომლის თანახმად, პარიზში, „მშვიდობის ფორუმს“ პრემიერთან ერთად დაესწრება, რაც დეპოლარიზაციის ერთგვარი მაგალითი იქნება, იუმორი იყო და მთავრობა და პრეზიდენტი ურთიერთობას კონფრონტაციულ რეჟიმში გააგრძელებს.

„ცხადია, ეს უფრო იუმორი იყო პრეზიდენტის მხრიდან. დეპოლარიზაცია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიძლევა, თუ ასეთი შეხვედრები შემთხვევითობის პროდუქტია და არა მათ შორის თანამშრომლობის პროდუქტი. ვფიქრობ, რომ ხიდი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის საბოლოოდ ჩატეხილია. აბსოლუტურად არ მჯერა იმ თვალსაზრისის, რომ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს. მე ვფიქრობ, რომ ასე კონფრონტაციულ რეჟიმში გააგრძელებს მთავრობა და პრეზიდენტი ურთიერთობას. ეს კონფრონტაცია კი შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს თუ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, სახელისუფლებო ინსტიტუტებიდან პრეზიდენტის ინსტიტუტი ყველაზე პროგრესული და ეფექტიანია ევროინტეგრაციის კონტექსტში.

„სახელისუფლო ინსტიტუტებში პრეზიდენტის ინსტიტუტი ბოლო თვეებიდან გამომდინარე ჩანს ყველაზე უფრო ეფექტიანი, ყველაზე უფრო პროგრესული. ეფექტიანი და პროგრესული ჩანს სწორედ ევროპასთან ინტეგრაციის კონტექსტში. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა, ეს დადებითად ახასიათებს და ქულებს უგროვებს სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლების თვალში. ეს პოზიტიური შლეიფი გაჰყვება სალომე ზურაბიშვილს იმ შემთხვევაშიც თუ გადაწყვეტს პოლიტიკურ აქტორად ქცევას და არჩევნებში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეჩვეული ვართ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან წინააღმდეგობრივ ნაბიჯებს, არა მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ამ პოზიტიურ სტარტს უღალატოს და ბოლომდე იქნება იმ ფუნქციის მატარებელი, რასაც საქართველოს ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაცია ჰქვია“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, თუ პრეზიდენტი პოლიტიკურ აქტორად მოღვაწეობას გადაწყვეტს და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ამას გარკვეული რისკები ახლავს და მისი წარმატება პრეზიდენტის რანგში უფრო გარანტირებულია.

„პრეზიდენტის პოსტზე მისი ნაბიჯები რომ ეფექტურია, ამას ყველა ვხედავთ და ამის საპირწონე იქნება თუ არა მისი როგორც პოლიტიკური აქტორის მოღვაწეობა, ამას გარკვეული რისკები ახლავს. უფრო გარანტირებული წარმატება და მაღალი ლეგიტიმაცია სალომე ზურაბიშვილს აქვს პრეზიდენტის ამპლუაში, ვიდრე მას ექნებოდა პოლიტიკური აქტორის ამპლუაში პოტენციურად, თუმცა არაფერია გამორიცხული და სავსებით შესაძლებელია, რომ ნდობის ის მარაგი, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, მას გაჰყვეს პოლიტიკურ ასპარეზზე სხვა კალაპოტში გადასვლისას“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,936 ნახვა