პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ხალხმა მხარი არ დაგიჭირა, რაც არ უნდა სწორი ხედვა გქონდეს, პატრიოტული მოტივები გამოძრავებდეს, ამ ყველაფერს ვერ იზამ – როდესაც ხალხის სიბრძნეზე ლაპარაკობდა ირაკლი კობახიძე, სწორედ ამას გულისხმობდა

„როდესაც ჩვენ დეოკუპაციაზე ვლაპარაკობთ, ეს დაკავშირებული საკითხია ევროპული გზასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს საკითხები ერთმანეთში იმდენად არის შერეული, ამის ყველაზე კარგი გაგებით, რომ ამას მარტივი მოქმედებები არ სჭირდება. მან [ირაკლი კობახიძემ] ბუნებრივია, აღნიშნა და მისასალმებელია, რომ არ გამორჩენია ისიც, რომ ამ მიზნებს ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად დავუახლოვდით“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მდინარაძემ ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლს ბოლო სამი წლის მანძილზე დასახულ მიზნებთან დაახლოებაში.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხალხის დამსახურებაც და სწორედ ამას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე, როდესაც ხალხის სიბრძნეზე საუბრობდა.

„პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის, შემდეგ ქვეყნის ხელმძღვანელობის, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება და ბუნებრივია, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ არც ამის საშუალება მოგვეცემოდა. მისი ხელმძღვანელობით დაწყებული რეფორმები რომ არა, 2012 წელზე აღარაფერს ვამბობ და შემდეგ რჩევებზე, რომელიც უკვე გავამხილეთ – ესენი რომ არა, ეს მარტივად არ მოხდებოდა. როდესაც შენ სწორ გზაზე დგახარ, ამის შემოქმედი არის ერთი ადამიანი, შემდეგ მენეჯმენტად ჩაშლილი ეს ყველაფერი და ხალხი ამაში მხარს გიჭერს. როდესაც ხალხის სიბრძნეზე ლაპარაკობდა ირაკლი კობახიძე დღეს, სწორედ ამას გულისხმობდა: თუ ხალხმა ამ ყველაფერში შენ მხარი არ დაგიჭირა, რაც არ უნდა სწორი ხედვა, ენთუზიაზმი და ჟინი გქონდეს, რაც არ უნდა პატრიოტული მოტივები გამოძრავებდეს და სიყვარული გქონდეს შენი ქვეყნის, ხალხის სიბრძნე რომ არა, ამ ყველაფერს ვერ იზამ. შესაბამისად, ამ მოკლე სიტყვაში [კობახიძემ] ეს ყველაფერი ჩაატია და ვფიქრობ, შედარებით დაწვრილებით ჩვენ მოვისმენთ მისი საპროგრამო გამოსვლის დროს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძე, თავისი თვისებებით ბუნებრივად აჩენს იმედებს.

„შეიძლება მე პირადად ძალიან სუბიექტური ვიყო ირაკლი კობახიძის მიმართ, რაც ბუნებრივი ამბავია, მაგრამ, ეს არის ადამიანი, რომელიც ამ იმედს, ოდნავ თუ მას ვინმე იცნობს და იცნობს მთელი ქვეყანა, ბუნებრივად აჩენს თავისი ყველა იმ თვისებით, რომელზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,962 ნახვა