საგარეო პოლიტიკა

რუსეთი ჩვენი ძირითადი სამხედრო პარტნიორი ვეღარ იქნება – ფაშინიანი

„რუსეთი სომხეთის ძირითადი სამხედრო პარტნიორი ვეღარ იქნება, არსებობს ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები“. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მისი თქმით, მხოლოდ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობით სომხეთის შეიარაღებული ძალების განვითარება შეუძლებელია. ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს

ფაშინიანის თქმით, აქამდე სამხედრო თანამშრომლობის 95-97% სომხეთს სწორედ რუსეთთან ჰქონდა. ახლა კი სომხეთი ამ საკითხის გადახედვას აპირებს და იმის გარკვევას, თუ ვისთან არის შესაძლებელი თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკურ და თავდაცვის სფეროში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ 2022 წლის იანვარში სომხეთმა რუსეთთან თანამშრომლობით არმიის რეფორმირების კონცეფცია შეიმუშავა. მაგრამ იმ წლის ზამთრის მოვლენებმა – აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირება, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებდა, აჩვენა, რომ ამ კონცეფციით ამოქმედება შეუძლებელია და ახლა აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რამდენად შესაძლებელია მოსკოვთან თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში. ფაშინიანის თქმით, არმიის განვითარების ახალ კონცეფცია 2024 წლის ბოლომდე იქნება შემუშავებული.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, რომლის შედეგად აზერბაიჯანმა ამ რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სტრუქტურები, რომლის წევრია სომხეთი, არაეფექტიანია. ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია იგულისხმა. მისი აზრით, 2020 წლიდან ამ ორგანიზაციის წევრობა სომხეთს არაფერს აძლევს.

„2020 წლიდან მოყოლებული აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე 3 ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა, რა დროსაც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია სომხეთს არაფრით დახმარებია“ – განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

2023 წლის ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი მინსკში, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამიტზე არ ჩავიდა. მან არ გამორიცხა, რომ სომხეთმა შეიძლება ეს ორგანიზაცია დატოვოს.

Facebook Comments Box
თეგები

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,769,625 ნახვა