ჯარი

ირაკლი ჩიქოვანი – ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე ეფექტიანი, პოზიტიური და შედეგისმომტანი ასოცირების საბჭოს სხდომა ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობის მანძილზე, რაც კი აქამდე ჩატარებულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ბრიუსელში ვიზიტი იყო „პოზიტიური და შედეგისმომტანი ვიზიტი ევროკავშირი-საქართველოს და ნატო-საქართველოს ურთიერთობების გზაზე, რაც აქამდე გამართულა“.

ჩიქოვანმა ბრიუსელში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი „ინტერპრესნიუსთან“ შეაფასა. თავდაცვის მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის შეფასების შესახებაც ისაუბრა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი იყო უმნიშვნელოვანესი და უაღრესად წარმატებული ევროკავშირი-საქართველოს და ნატო-საქართველოს ურთიერთობების გზაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი დონის აუდიენციებზე როგორც ჯოზეფ ბორელმა, ასევე შარლ მიშელმა და იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნეს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს ევროპული და ევროინტეგრაციის გზაზე. თუ რაიმეზე იყო საუბარი, ეს იყო ის, რომ ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ, გვჭირდება უფრო მეტი გადაწყვეტილება და რეფორმა. ამ რეფორმებში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ 9 ან 12 პრიორიტეტზეა დამოკიდებული საქართველოს პროგრესი, არ არის სწორი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი და ფართო დღის წესრიგი, რომელიც გათვალისწინებულია ყოველწლიური სამოქმედო გეგმით და ამ გეგმებს ჩვენი ქვეყანა ძალიან მკაფიოდ, სწრაფად და შედეგიანად ასრულებს. რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას, ძალიან მნიშვნელოვანია, ის საერთო წვრთნები, რომელსაც ჩვენ ნატოსთან ერთად ვატარებთ და ასევე მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ვქმნით არამხოლოდ საქართველოს სამხედროებისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედროებისთვის. ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო, ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო დასაყრდენი პარტნიორი. ძალიან პოზიტიური განწყობა იყო შეხვედრებზე. აბსოლუტურად ყველამ გაუსვა ხაზი იმას, რომ ძალიან პოზიტიური და დადებითი დინამიკა არსებობს ნატოსა საქართველოსა და ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით. სხვათა შორის, ორივე სესიის შეჯამებისას ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე ეფექტიანი, პოზიტიური და შედეგისმომტანი ასოცირების საბჭოს სხდომა ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობის მანძილზე, რაც კი აქამდე ჩატარებულა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,849,022 ნახვა