პოლიტიკა

ბესო გვენეტაძე: რუსთაველზე ათასობით ადამიანი ქვეყნის კოლონიურ მდგომარეობას კბილებით იცავს, სახეზეა ქართველოფობია („ბნელი“ ქართველის პროტოტიპის ზიზღი), აზრის ტოტალური კონტროლისა და რეპრესიების მცდელობაც. ეს პროცესები საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე ფერადი რევოლუციის ნაწილია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ როლს ასრულებენ

ავტორი: ბესო გვენეტაძე

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა აკადემიური სივრცის დაქვემდებარებას. სტუდენტების ინდოქტრინაციისთვის დასავლური გრანტებით შეიქმნა პოლიტიკის მეცნიერებათა და იურისპრუდენციის სახელმძღვანელოები. მაგალითად, 2004 წელს „სოროსის ფონდის“ დაფინანსებით ითარგმნა და გამოიცა ენდრიუ ჰეივუდის წიგნი „პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი“, რომელსაც ბოლო პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიური თეორიის კურსის ერთ-ერთ მთავარ სახელმძღვანელოდ იყენებდნენ.[21] წიგნის მხოლოდ სარჩევის ანალიზი მრავლისმთქმელია: ნაშრომში ლიბერალიზმს 49 გვერდი ეთმობა, კონსერვატიზმს (რა თქმა უნდა, დასავლური ყაიდისას) – 41, ხოლო სოციალიზმს – 7.

იმავე წელს, გიორგი მელაძის რედაქტორობით, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ეგიდითა და აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით გამოვიდა წიგნი „რელიგიის თავისუფლება“, რომელსაც, როგორც ილიაუნის ვებგვერდი იუწყება, საქართველოს უნივერსიტეტები სამართლის ფაკულტეტზე ძირითად სახელმძღვანელოდ იყენებენ. შესავალი თავის (60 გვერდი) გარდა წიგნის დანარჩენი ორი თავი (450 გვერდი) მთლიანად ევროპულ და ამერიკულ კანონმდებლობაზეა დაფუძნებული. ამ წიგნის გამოცემა ნაწილი იყო იმ ანტიმართლმადიდებლური კამპანიისა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან გაძლიერდა და რომელსაც ცენტრალური როლი ჰქონდა დასავლეთის მიერ ჩვენი ქვეყნის დაქვემდებარებაში.

2010 წელს, ერთ-ერთ ლექციაზე, აღნიშნულ წიგნზე დაყრდნობით, ლექტორმა სამართლებრივად შეგვაფასებინა იმ პერიოდში გახმაურებული შემთხვევა – ერეკლე დეისაძის მიერ „საიდუმლო სირობის“ გამოცემა, რასაც მართლმადიდებლების პროტესტი მოჰყვა. ლექციაზე დადგინდა, რომ ნაწარმოები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა და „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ საბაბით მისი გავრცელება ვერ შეიზღუდებოდა. ბრბოდ მოინიშნენ „ილიაუნის“ წინ წიგნის პრეზენტაციის გასაპროტესტებლად შეკრებილი მორწმუნეები.

ერეკლე დეისაძის ნაბიჯი კულტურის ველზე ტიპიური მიშისტური სვლა იყო, ანუ, პიერ ბურდიესეული ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ – სიმბოლური ძალადობა. იმპერიალიზმისა და მისი ქართველი კომპრადორების ერთ-ერთი – და, ალბათ, ყველაზე ეფექტური – იარაღი მასების „ბნელებად“ მონიშვნაა, რის შემდეგაც „ბნელ“ ქართველზე დომინირებს გასხივოსნებული ლიბერალი ინტელექტუალი, ხელოვანი თუ პოლიტიკოსი – საკუთარი სიმბოლური კაპიტალით („დასავლურობით“). თუმცა, ეს ძალადობა მთლად სიმბოლურიც არ ყოფილა. წიგნთან დაკავშირებით ტელეკომპანია „კავკასიაში“ ამტყდარი ჩხუბის გამო რამდენიმე პირი დააკავეს. „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა, მალხაზ გულაშვილმა თქვა, რომ მის შვილს გაუპატიურებითაც დაემუქრნენ, რის გამოც მამა-შვილი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გულაშვილმა ერთი წელიწადი ციხეში გაატარა.

დღეს ერეკლე დეისაძე რეაბილიტაციას სოციალურ თემატიკაზე აქტიურობით ცდილობს, თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა საკუთარ ქმედებებს, უარყოფითად პასუხობს. ამდენად, მისი „გამოსწორება“ წარსული ნაბიჯების მონანიებისა და გადააზრების გარეშე დამაჯერებელი ვერ იქნება.

უნდა ითქვას, რომ ამ საქმეში დეისაძე პიონერი არ ყოფილა. იგი 23 წლის ლაშა ბუღაძის მიერ წლებით ადრე გაკვალულ გზას დაადგა. ქვემოთ მოყვანილია ორიოდე ნაწყვეტი მწერლის 2001 წლის ნაწარმოებიდან – „პირველი რუსი“, სადაც ბუღაძის შთაგონების წყარო თამარ მეფის ინტიმური ცხოვრების გამოგონილი დეტალებია. ნაწარმოებში აღწერილია თამარ მეფის პირველი ქმრის, გიორგი რუსის ზოოფილური მისწრაფებები. ანტიქრისტიანული სენტიმენტებით გაჟღენთილ ტექსტში მკითხველს მწერლის მდარე ირონიისა და სარკაზმის ატანა უწევს:

„კაცმა არ იცის, როგორ გამოიყურებოდა მაშინ თამარი! ან ხმა როგორი ჰქონდა? ქართველ ქალებს რო ხმები აქვთ, ალბათ ისეთი – სადღაც მოუქნელი და სასიამოვნოც. უკანალი ჩავარდნილი – ანუ ქართული.

„ოხერი სენით ის ადგილი შეუბილწა სატანამ, საიდანაც მემკვიდრე უნდა გამოეგდო თავის დროზე. […] საშვილოსნოს კიბო ჰქონდა.”

როგორც მოსალოდნელი იყო, ნაწარმოებზე მწვავე რეაქცია ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. ჟურნალი „დრო მშვიდობისა“, რომლის პირველივე ნომერშიც ეს უაღრესად საჭირო ტექსტი დაიბეჭდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ მიერ 2001 წლის მაისში გამოიცა. მისი დონორი ჰოლანდიური ფონდი, Cordaid-ი იყო, რომლის საქმიანობის სფერო, სხვა სიკეთეებთან ერთად, „ჰუმანიტარული დახმარება“, „განათლება“ და „სამართალზე ხელმისაწვდომობაა“.

იმ პერიოდში ჟურნალ „დრო მშვიდობისას“ სარედაქციო კოლეგიის წევრები იყვნენ 29 წლის გიგა ბოკერია, 31 წლის გიორგი მარგველაშვილი, 35 წლის დათო ტურაშვილი და სხვა ახალგაზრდა ლიბერალები, ხოლო რედაქტორი – ძირძველი „ენჯეოშნიკი“, „ანტიკაპიტალისტი“ ირაკლი კაკაბაძე. ჟურნალის ცუდ დიზაინზე მუშაობდა ქართული ელექტრონული მუსიკის (ჟანრი შემთხვევითი არაა) მამა, 28 წლის ნიკა მაჩაიძე.

ნაწარმოების გამოცემას მოყოლილ აურზაურს ტექსტი მიუძღვნა აშშ-ს კონგრესის მიერ დაფინანსებულმა „რადიო თავისუფლებამ“. დავით პაიჭაძის 2002 წლის სტატიიდან ვგებულობთ, რომ ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „ხრიდოლის“ წევრებსა და გურამ შარაძეს პროტესტი გამოუხატავთ, რაც ჟურნალ „დრო მშვიდობისას“ სარედაქციო კოლეგიის წევრებმა „ცენზურის მცდელობად და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ გამოხტომად შეაფასეს.“ არ დააყოვნა საბჭოთა კავშირის დადანაშაულებამაც – რედკოლეგიის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს განუმარტა, რომ „ლიტერატურის იდეოლოგიად აღქმა საბჭოური ატავიზმია“ („ატავიზმი“ ლათინური სიტყვაა და ქართულად „გადმონაშთს“ ნიშნავს. სავარაუდოა, რომ ეს ლათინური სიტყვა ჟურნალ „დრო მშვიდობისას“ რედკოლეგიის წევრმა იმიტომ გამოიყენა, რომ სხვებზე ჭკვიანი გამოჩენილიყო.).

„ინდივიდისა“ და „ბრბოს“ ჭიდილი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პოლიტიკური შემოქმედების მთავარი თემა გახდა, ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ – ახალი თაობის ბიბლია. „ბნელ მასასთან“ დაპირისპირების კარგი ილუსტრაციაა „თბილისი პრაიდის“ მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, სადაც ქართველი ადამიანი ურჩხულადაა გამოყვანილი. იყო ერთი შემთხვევაც, როდესაც ახალგაზრდა გოგო ბაზარში მიკროფონით ხელში დადიოდა და მოვაჭრეებს ეკითხებოდა, იყენებდნენ თუ არა ისინი სექსუალურ ცხოვრებაში პრეზერვატივს.

ზოგადად, „ვესტერნიზაცია“, ანუ, ქართული საზოგადოების დასავლურ ყაიდაზე მოწყობა, ძალადობრივი პროექტია. ამ კულტურულ პროექტთან დაპირისპირების გარეშე იმპერიალიზმის წინაშე უძლური ვიქნებით და გაგვიჭირდება, ჩვენ თვითონვე უარი ვთქვათ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რაც აუცილებლად გასაკეთებელია. საქმე იმაშია, რომ ქართული კულტურა კონკრეტულ მიწაზე, კონკრეტულ მატერიალურ პირობებში მცხოვრები ხალხის ისტორიული, დიალექტიკური პროცესის შედეგად ჩამოყალიბებული ნორმების ერთობლიობაა, სადაც ცენტრალურია ურთიერთდახმარება, უფროსის პატივისცემა, სიცოცხლის სიყვარული, გარდაცვლილთა მიმართ საკადრისი პატივის მიგება და სხვ. ეს ნორმები დაბრკოლებას წარმოადგენს საერთაშორისო ფინანსური კაპიტალისთვის, რომელსაც აქ არა საზოგადოება, არამედ ატომიზებული, ერთმანეთისგან გათიშული ადამიანები ესაჭიროება. გაიანელი ისტორიკოსი, უოლტერ როდნი 1968 წელს წერდა, რომ სტუმარმასპინძლობა და კლანურობა ინვესტორებისთვის დაბრკოლება იყო აფრიკაში. ასეა საქართველოშიც.

ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის თავდაყირა უნდა დადგეს პარადიგმა, სადაც დასავლეთი აღმატებული ცივილიზაცია და მისაბაძი, უნივერსალური კულტურაა, ყველაფერი ქართული კი – ჩარმოჩენილი, დრომოჭმული. ამ პროცესში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი ექნება. ქრისტიანობის ეს პოტენციალი იმითაც ჩანს, რომ 2004 წლის მარტში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთ-ერთი მართლმადიდებლური ტაძრის დარბევას პირადად ესწრებოდნენ. კადრებში ვხედავთ ვანო მერაბიშვილს, გიორგი ბარამიძეს, დათა ახალაიას ხელკეტით ხელში და სხვა მაღალჩინოსნებს. მართალია, შტურმის ობიექტი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სქიზმაში იმყოფებოდა, თუმცა, ბასილ მკალავიშვილის დემონსტრაციულად დაკავების მიზეზი მისი ქრისტიანული რწმენა იყო.

„მე დღეს ვარ, პირიქით, უაღრესად დაკმაყოფილებული, რომ დაპატიმრებულია ერთ-ერთი აღმაშფოთებელი და შემარცხვენელი ქართველი დამნაშავე.“ – ლევან ბერძენიშვილი, 2004 წ.

იმპერიალიზმისთვის მართლმადიდებლობის დამაბრკოლებელ ბუნებას ხაზი გაესვა დღესაც, როდესაც აქციის მონაწილეებმა ილია ჭავჭავაძისეული სამეულიდან – „მამული, ენა, სარწმუნოება“ – „სარწმუნოება“ ამოიღეს და სეკულარიზებული სამოქალაქო საზოგადოებისთვის უფრო მისაღები ტრიო – „მამული, ენა, ერთობა“ შექმნეს.

მიხეილ სააკაშვილი ხშირად თავადვე აღნიშნავს, რომ „ვარდების რევოლუცია“, პოლიტიკურთან ერთად, კულტურული რევოლუცია იყო. რას გულისხმობს ის ამაში? იმას, რომ მისი მმართველობის პერიოდში ცდილობდნენ საზოგადოებაში ძველი კულტურული ნორმების ახლით ჩანაცვლებას: საბჭოთა კავშირში განათლებამიღებული ინტელექტუალები „ჩარეცხეს“ და მათ ადგილას დასავლეთში გაწვრთნილი აგენტებით დაგვისვეს; შვილების თაობა უფროსებს დააპირისპირეს; შექმნეს უსაფუძვლოდ თავდაჯერებული, ფუყე თავთავივით ყეყეჩი ახალგაზრდის მოდელი, რომელსაც აკვნიდან თავისი „საკუთარი აზრი“ გააჩნია; „ადამიანის უფლებების“ რიტორიკით აკაზმული ასეთი ახალგაზრდები მასწავლებლის და, ზოგადად, ავტორიტეტს აღარ აღიარებენ; მათ ტელეეკრანებიდან ასწავლეს, რომ ისინი სულაც არ იყვნენ ვალდებულნი, ავტობუსში უფროსისთვის ადგილი დაეთმოთ; საქართველოში ჩამოიყვანეს სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებელთა მთელი არმია, რაც რუსული ენის აგრესიული ჩანაცვლების ნაწილი იყო.

ამ ყველაფერს ზემოდან ემატება ბანალური რუსოფობია, რომლითაც სავსეა სატელევიზიო და ონლაინ სივრცეები.

საქართველოს ნეოკოლონიზაციის დასავლური პროექტის აუცილებელი კომპონენტი იყო სექსუალური რევოლუციაც: პრეზიდენტი სააკაშვილი „პატრიოტთა ბანაკებში“ წაყვანილ ახალგაზრდებს „ბუჩქებში გასეირნებისკენ“ მოუწოდებდა; „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ მოდერნიზებულ საქართველოსთან შეუსაბამოდ გამოცხადდა; რასაც მანამდე „ბოზობა“ ერქვა, უკვე „თავისუფალი სექსუალური ცხოვრება“ დაერქვა, ხოლო ვინც ამ თამბრუდამხვევ სიახლეებს ფეხს ვერ უწყობდა, ისინი „ბნელებად“ მოინიშნენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული დაწესებულება – სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, თავისუფლების მოედანიდან დაწყებული, კოდორის ხეობით დამთავრებული. პარალელურად, დასავლელი დონორები გრანტს გრანტზე გასცემენ „დამოუკიდებელ“ მედია საშუალებებზე.

„ვესტერნიზაციის“ ერთ-ერთი ბუდე „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ იყო, რომელიც 2006 წელს, კონკრეტული მიზნით დაარსდა.

წლების განმავლობაში საუნივერსიტეტო სფეროში დამკვიდრდა უამრავი დასავლური სასტიპენდიო პროგრამა, რომელთა მიზანიც ქართველი სტუდენტების გადაბირებაა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია ევროკავშირი, გერმანიის, ბრიტანეთისა და აშშ-ს მთავრობები, ჯორჯ სოროსის „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი“. უშუალოდ ქართულ სასწავლებლებშიც კლიმატს დასავლური ფული ქმნის. უხვად ფინანსდება სახელმძღვანელოები, კვლევები, თარგმანების კრებულები – მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც, ერთი შეხედვით, ანტიკოლონიური შინაარსი უნდა ჰქონდეს. მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ ზოგჯერ ინტერნეტ მიმი თავისთავად იქმნება.

ასე მოვედით დღემდე, როდესაც საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპირებს, ხოლო რუსთაველზე ათასობით ადამიანი ქვეყნის კოლონიურ მდგომარეობას კბილებით იცავს.

პირველ რიგში, სრული მხარდაჭერა აღნიშნულ კანონს.

რაც შეეხება 2023 და 2024 წლების აქციებს, იქ წარმოდგენილი სლოგანების კომიკურობის მიღმა ფაშიზმის ელემენტები არსებობს – ამ სიტყვის არა მეტაფორული, არამედ თეორიული, ნამდვილი მნიშვნელობით. გეორგი დიმიტროვის 1935 წლის განმარტებით, „ფაშიზმი თვით ფინანსური კაპიტალის ძალაუფლებაა“.[22] ის წარმოადგენს „ფინანსური კაპიტალის ყველაზე რეაქციულ, შოვინისტურ და იმპერიალისტურ ელემენტებს.“[23] რაც შეეხება ფაშიზმის ფორმას, იგი „სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვა ფორმებს იღებს, ისტორიული, სოციალური და ეკონომიკური პირობების, ქვეყნის მახასიათებლებისა და საერთაშორისო პოზიციის შესაბამისად.“[24]

კანონის მოწინააღმდეგეთა ზურგი სწორედ საერთაშორისო ფინანსური კაპიტალია. მათ გვერდით დგანან მსოფლიოს ყველაზე რეაქციული, იმპერიალისტური სახელმწიფოები. სახეზეა რასობრივი ელემენტიც – რუსოფობია და ქართველოფობია („ბნელი“ ქართველის პროტოტიპის ზიზღი). სახეზეა აზრის ტოტალური კონტროლისა და რეპრესიების მცდელობაც. ეს პროცესები საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე ფერადი რევოლუციის ნაწილია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ როლს ასრულებენ. სხვა სახელმწიფოთა გამოცდილება აჩვენებს, რომ პროდასავლური ოპოზიციები ხშირად საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციასაც ემხრობიან.

რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუკი ხელისუფლების რიტორიკა – „ღირსებით ევროპისკენ“ – მხოლოდ სტატუს-კვოთი განპირობებული ტაქტიკური სვლაა, მას შეიძლება ერთი შეფასება გავუკეთოთ; თუკი ეს ნამდვილი გეგმაა – მეორე. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონი დადებით როლს ითამაშებს იმპერიალიზმის გავლენების შესუსტებაში. მისი მიღებით საქართველოში დასრულდება ლიბერალიზმის ერთი ფაზა, რომელშიც დასავლეთი უპირობო ავტორიტეტს წარმოადგენდა.

წინ ახალი ჰორიზონტებია.

20.04.2024

______________________________

წყარო: kooperativi.ge

[1] კვამე ნკრუმა – „ნეოკოლონიალიზმი – იმპერიალიზმის უახლესი ფაზა“, INTERNATIONAL PUBLISHERS CO., INC., 1966 წ., შესავალი, გვ. ix

[2] ჟურნალი „ბიზნესი და მენეჯმენტი“, 2004, #1 (1); ხელმისაწვდომია ბმულზე: http://aaf.ge/index.php?menu=2&jurn=0&rubr=5&mas=1703 [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 16.04.2024]

[3] David Anable – The Role of Georgia’s Media—and Western Aid—in the Rose Revolution, გვ. 9; დაწერილი 2005 წლის შემოდგომაზე, გამოქვეყნებული 2006 წელს, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorensteincenter.org/wp-content/uploads/2012/03/2006_03_anable.pdf [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 17.04.2024]

[4] “თავისუფლების ინსტიტუტი“ – ჩვენ შესახებ; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://liberty.ge/about-us [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 16.04.2024]

[5] იმედი LIVE, ტელეკომპანია „იმედი“, 2024 წლის 16 აპრილი, 28:00 წუთიდან. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?v=409919181756844 [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 17.04.2024]

[6] „რუსულ ბიზნესზე გაყიდული სტრატეგიული ქონების ნაციონალიზაციის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა”, 2022 წლის 7 მარტი https://publika.ge/rusul-biznesze-gayiduli-strategiuli-qonebis-nacionalizaciis-motkhovnit-peticia-sheiqmna

[7] „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“ – ნატა ძველიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, 2015, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://idfi.ge/public/upload/IDFI/russian-capital.pdf [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 17.04.2024] 2021-23 წლებში IDFI-იმ საკითხის ხელახალი აქტუალიზება მოახდინა. USAID-ის თანადაფინანსებით იგივე საკითხზე მომზადდა რამდენიმე კვლევა, რისთვისაც ათობით ათასი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.

[8] https://idfi.ge/ge/russian-capital-in-georgian-business

[9] „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“ – ნატა ძველიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, 2015, გვ. 6, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://idfi.ge/public/upload/IDFI/russian-capital.pdf [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 17.04.2024]

[10] https://idfi.ge/ge/russian-capital-in-georgian-business-media

[11] საქართველოს კანონი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, მიღების თარიღი: 15/12/2024, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6020661 [უკანასკნელად ნანახია: 18.04.2024]

[12] IMF Country Report No. 17/97, 2017 წლის აპრილი, REQUEST FOR EXTENDED ARRANGEMENT UNDER THE EXTENDED FUND FACILITY AND CANCELLATION OF STAND-BY ARRANGEMENT—PRESS RELEASE; STAFF REPORT; AND STATEMENT BY THE EXECUTIVE DIRECTOR FOR GEORGIA, გვ. 16, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.imf.org/en/Publications/CR/Issues/2017/04/13/Georgia-Request-for-Extended-Arrangement-Under-the-Extended-Fund-Facility-and-Cancellation-44834 [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 18.04.2024]

[13] იქვე, გვ. 60

[14] „Apple, Amazon, Louis Vuitton – კიდევ სად ჩადებენ ჩემს საპენსიო დანაზოგს?“, „რადიო თავისუფლება“, ლელა კუნჭულია, 2023 წლის 23 აგვისტო, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.radiotavisupleba.ge/a/სად-უნდა-დააბანდოთ-საპენსიო-დანაზოგი/32559823.html [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 18.04.2024]

[15] https://old.civil.ge/geo/article.php?id=26448?id=26448

[16] „ნეოლიბერალური სტატუს-კვო: რატომ არ მუშაობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“, სალომე თოფურია, ტატო ხუნდაძე, 2022, გვ. 14

[17] იქვე, გვ. 16

[18] იქვე, გვ. 17

[19] Tunisia holds off a ‘deep’ free trade agreement with the EU, Ricard González, 2021 წლის 4 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.equaltimes.org/tunisia-holds-off-a-deep-free [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 18.04.2024]

[20] Deep and comprehensive dependency: How a trade agreement with the EU could devastate the Tunisian economy, Hamza Hamouchene, Layla Riahi, 2020 წლის 9 დეკემბერი, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.cadtm.org/Deep-and-comprehensive-dependency-How-a-trade-agreement-with-the-EU-could [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 18.04.2024]

[21] https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/MA_Politikuri_Teoria.pdf

[22] გეორგი დიმიტროვი – „ფაშისტური იერიში და კომუნისტური ინტერნაციონალის ამოცანები მუშათა კლასის ბრძოლაში ფაშიზმის წინააღმდეგ“, 1935, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.marxists.org/reference/archive/dimitrov/works/1935/08_02.htm#s2 [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 19.04.2024]

[23] იქვე

[24] იქვე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,784,328 ნახვა