საზოგადოება

გარდაიცვალა ჟურნალისტთა ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი სიხარულიძე

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი სიხარულიძე 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას სიხარულიძის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

აკაკი სიხარულიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ცენტრალურ აპარატში – ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული და საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთების, ტელერადიოგადაცემათა რედაქციების სექტორს; 1987 წლიდან ჟურნალისტთა ფედერაციაში (ყოფილი კავშირი); იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე. რედაქტორობდა გაზეთ „საქმეს“; 1994 წელს გამოსცა აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი „უკვდავება“; 1993 წელს ჩამოაყალიბა ეროვნული თანხმობის დარბაზი; 1997 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართული ჟურნალისტიკის დღის (21 მარტი) აღნიშვნის ტრადიციას; იყო საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი, მისი რექტორი.

1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

2013 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა