ესტონეთის ადგილობრივ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ხმა საარჩევნო ალიანსებმა მიიღეს, მათ შემდეგ ოპოზიციური ცენტრისტული და „ისამაას“ პარტიები მოდიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას პარტიას, Eesti 200-ს მთელი ქვეყნის მასშტაბით 9,819 ხმა ერგო, რაც 1.7 პროცენტს შეადგენს. მედიის ცნობით, საარჩევნო ალიანსებმა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი – 141,126 ხმა მიიღეს, რაც საერთო ხმების 23.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზე გავიდა ცენტრისტული პარტია 124,840 ხმით, რაც 21.1 პროცენტია. მესამე ადგილზეა ოპოზიციური „ისამაა“ 109,749 ხმით, რაც საერთო ხმების 18.6 პროცენტს შეადგენს.
ცაჰკნას პარტიამ, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეიტინგების უმეტესობაში ადგილების მოსაპოვებლად საჭირო 5%-იან ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, ტარტუში ბარიერის გადალახვა მოახერხა, თუმცა, წააგო ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ 78 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, სადაც არჩევნებამდე მას საქალაქო საბჭოში ადგილებიც ეკავა. Eesti 200-მა ტალინში 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და მხოლოდ 2.8 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო.