ავსტრალია, ქუინსლენდი – 11 წლის ტრისტან ჯეიმს ფრამი (Tristian Jaemes Frahm) შხამიანი ყავისფერი გველის (brown snake) ნაკბენით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მამამ და სხვა მოზრდილებმა სამედიცინო დახმარების გამოძახების ნაცვლად, ბიჭს „დაიძინე და გაგივლის“ უთხრეს. ეს ტრაგიკული ფაქტები ქუინსლენდის კორონერის სასამართლოს (Coroners Court of Queensland) მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ საგამოძიებო დასკვნაშია აღწერილი. ინფორმაციას USA Today ავრცელებს.
ტრაგედია ქუინსლენდის ქალაქ მერგონში მოხდა. კორონერის ანგარიშის თანახმად, ტრისტანი შესაძლოა გველმა გაზონის საკრეჭიდან (ride-on lawn mower) გადმოვარდნის შემდეგ დაკბინა.
ტრისტანმა მამას უთხრა, რომ მას გველმა უკბინა, თუმცა მამამ, კეროდ ფრამმა (Kerrod Frahm) და მასთან მყოფმა ორმა ზრდასრულმა, ბიჭი დაათვალიერეს, მაგრამ ნაკბენის აშკარა კვალი ვერ აღმოაჩინეს, თან მათ მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრისტანმა სავარაუდოდ, ალკოჰოლი მიიღო, მათ ბიჭის სიმპტომები სწორედ ალკოჰოლის ზემოქმედებას მიაწერეს და სამედიცინო დახმარება არ გამოიძახეს. ამის ნაცვლად, ტრისტანს „დაწოლა და გამოძინება“ ურჩიეს.
ბიჭი საწოლში გაგზავნეს, თუმცა მას ღებინება და მუცლის ძლიერი ტკივილი დაეწყო. მეორე დღეს, 22 ნოემბერს, დილის 9 საათისთვის, პოლიციამ ტრისტანი მკვდარი იპოვა.
გამოძიებამ ტრისტანის მარჯვენა კოჭზე გველის ნაკბენისთვის დამახასიათებელი ორი კვალი აღმოაჩინა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბიჭის ორგანიზმში არანაირი ალკოჰოლი არ იყო და მისი გარდაცვალების მიზეზი ყავისფერი გველის შხამით გამოწვეული შინაგანი სისხლდენა გახდა.
კორონერმა ენსლი კირკეგორდმა (Ainslie Kirkegaard) ხაზი გაუსვა, რომ ყავისფერი გველის ეშვები არ არის დიდი, რის გამოც ნაკბენის კვალი ადვილად შეიძლება გამოიტოვონ ან ის ჩვეულებრივ ნაკაწრს ჰგავდეს.
ტრისტანის მამას ბრალი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში წაუყენეს, თუმცა სახელმწიფო პროკურატურამ ბრალდება მოხსნა.
„გარემოებები, რომლებშიც ბიჭი დაიღუპა, ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია გველის ნაკბენის თუნდაც მცირე ალბათობის სერიოზულად აღქმა“, – ნათქვამია დასკვნაში.
გველის ნაკბენის შემთხვევაში, კორონერი რეკომენდაციას იძლევა:
- დაუყოვნებლივ დარეკეთ სასწრაფო დახმარების ან ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ნომერზე.
- დაადეთ მჭიდრო სახვევი ნაკბენის ადგილს.
- ნუ გაინძრევით დახმარების მოსვლამდე