თბილისის ბიუჯეტის შესრულებისა და თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საკრებულოში ქვემო სამგორის მაჟორიტარმა ზაქარია წიკლაურმა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად დედაქალაქში განხორციელებული არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტისა, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელსა და დაგეგმილ მაჩვენებელს შორის სხვაობა დაახლოებით 20-25%-ია. ზაქარია წიკლაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქი მხოლოდ რუსთაველის გამზირი არ არის და თბილისის ცენტრალური ნაწილის მსგავსად, პროექტები უნდა განხორციელდეს გარეუბნებში.
„ჩვენ ვართ მაჟორიტარები, რომლებსაც გვაწუხებს ყველა ის პრობლემა, რაზეც მოქალაქეები გვესაუბრებიან. ამ შემთხვევაში, სამგორის რაიონს წარმოვადგენ და მსურს, კონკრეტული კითხვით მოგმართოთ. ამოვიღე გასული წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების მონაცემები, დღეს უკვე მეცხრე თვე სრულდება. არ ვიცი, შემოსულია თუ არა მონაცემები, ზუსტი ციფრები არ მინახავს და გამიჭირდება დღეს მათზე საუბარი, თუმცა ის მონაცემები, რომლებიც ამოვიღე, ნათლად აჩვენებს, რომ ამ პერიოდში შესრულების მაჩვენებელსა და დაგეგმილ მაჩვენებელს შორის სხვაობა დაახლოებით 20-25%-ია. ჩვენ ვხედავთ, რომ თანხა გვაქვს, თუმცა არსებული პრობლემები მოგვარებული არ არის. აქვე, სანამ კითხვის ფორმატზე გადავიდოდი, მინდა მადლობა გადავუხადო საქალაქო სამსახურის უფროსს და იმ გუნდს, რომელიც დღე და ღამე მუშაობს მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. განსაკუთრებული მადლობა კახა კალაძეს, რადგან ის მართლაც ცდილობს, რომ დედაქალაქში ყველაფერი მოწესრიგებული იყოს და ინფრასტრუქტურა გამართული. თუმცა დედაქალაქი მხოლოდ რუსთაველის გამზირი და ის მასშტაბური პროექტები არ არის, რომლებიც ხორციელდება. მე, როგორც სამგორის მაჟორიტარს, მაწუხებს სამგორის რაიონში რეკრეაციული სივრცეების მოწყობისა და გზების დაგების საკითხი, რომელიც დღემდე მოუგვარებელია. თუ დღეს თანხის ათვისების პრობლემა გვაქვს, საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. საზოგადოებას აინტერესებს შედეგი: თუ მის ეზოში სკვერია მოსაწყობი ან გზა დასაგები, რატომ არ ხორციელდება ეს? მაინტერესებს, გვექნება თუ არა შესაძლებლობა, რომ უმოკლეს ვადაში შესაბამისმა უწყებებმა დეტალურად წარმოგვიდგინონ, რა თანხა ჰქონდათ ასათვისებელი ბიუჯეტიდან, როგორ მოხდა მისი ათვისება და რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ თანხების ათვისების პრობლემა არსებობს.
რა არის მიზეზი იმისა, რომ ვერ ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას და ვერ ვახორციელებთ ადგილობრივ პროექტებს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ სამაგალითო ნდობა გამოგვიცხადა – ოპოზიციას 2 დაუწერა, ჩვენ კი აბსოლუტური ლეგიტიმაცია მოგვანიჭა?”- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა. ზაქარია წიკლაურის კითხვაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ „ხალხის ძალამ“ ძალიან კარგი პოზიციით დაიწყო ოპონირება. მისი თქმით, ჯანსაღი და საქმიანი კრიტიკა მისასალმებელია. ზურაბ აბაშიძემ მზადყოფნა გამოთქვა, ფრაქცია „ხალხის ძალასთან“ ერთად ნებისმიერ საკითხზე სამსჯელოდ. საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიუჯეტის სწორად ხარჯვა. მისი თქმით, არის გარკვეული ჩამორჩენა, რაც არ არის გამგებლების ბრალი, რადგან ტენდერებთან დაკავშირებით მიდგომები შეიცვალა და გადაწყობის პროცესია. დავითულიანი იმედოვნებს, რომ ხარჯვითი ნაწილი დაეწევა ნიშნულს, რადგან ნამდვილად რთული ასახსნელია, რომ ბიუჯეტში ფული რჩებოდეს და პრობლემები მოუგვარებელი იყოს. თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ აღნიშნა, რომ ზაქარია წიკლაურის მიერ დასახელებული 25%-იანი ჩამორჩენის შესახებ ზუსტი მონაცემები თვის ბოლოს გახდება ცნობილი და საკითხის კომისიურ ფორმატში განხილვა იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებელზე გავლენას ახდენს ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომია, რადგან გამოცხადებული თანხა ხშირად საბოლოო ღირებულებაზე მეტია. არველაძის განმარტებით, ბიუჯეტისთვის დამახასიათებელია თანხების ათვისება კვარტლის ბოლო პერიოდში, ამიტომ ცხრა თვის მონაცემების საფუძველზე 25%-იანი ჩამორჩენის შესახებ დასკვნის გაკეთება სწორი არ იქნება.













