პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების მიმართვაზე-მათთვის მოულოდნელი რამ მოხდა. სააკაშვილმა შეუთანხმებლად მიატოვა ის როლი, რომელიც მას ჰქონდა მიწერილი და პოლიტიკურ ველზე გამოიჭრა

„ევროპარლამენტარების მიმართვას რაც შეეხება, გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ მათთვის მოულოდნელი რამ მოხდა. სააკაშვილმა მოულოდნელად, შეუთანხმებლად მიატოვა ის როლი, რომელიც მას ჰქონდა მიწერილი – ეს იყო ავადმყოფის, მომაკვდავის, მოწამლული ადამიანის როლი და პოლიტიკურ ველზე გამოიჭრა“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტარების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში გადაიყვანონ.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა არ სჭირდებათ, ხოლო ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა“.

„რასაკვირველია, დღეს “ნაციონალურ მოძრაობაში” მისი ლიდერობა არ სჭირდებათ, აქ სხვა თემებზეა საუბარი, ხოლო ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა, რომ საქართველოს სახელმწიფო დახატულ იქნეს, როგორც ურჩხული, ვინც მესამე პრეზიდენტს აწამებს და ეს პიარული სვლა არ უნდა იყოს დღის წესრიგიდან მოხსნილი. აქედან გამომდინარეობს ის პათოსი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ დეპუტატების განცხადებაში. შესაძლოა, არის გარკვეული ემოციაც ზოგიერთის მხრიდან, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა ყოველგვარ ემოციას და პიარულ დამოკიდებულებას სჭარბობს“- აღნიშნა ვოლსკიმ. მისივე განმარტებით, ევროპარლამენტარების წერილი იგივე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის, იმ გამონაკლისის გარდა, რომ „სააკაშვილი აღარ არის ავად, აღარ სჭირს დემენცია, დაიწყო გამოჯანმრთელება და უფრო მეტიც, მან უარი თქვა თავისთვის განკუთვნილ როლზე, ყოფილიყო პოლიტიკური სტრატეგიის მძევალი“. „კოლექტიური წერილი, რომელიც ევროპარლამენტარებმა გაკეთეს, სწორედ ერთი და იგივე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის.

უბრალოდ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი – სააკაშვილი აღარ არის ავად, სააკაშვილს აღარ სჭირს დემენცია, სააკაშვილმა დაიწყო გამოჯანმრთელება და უფრო მეტიც, მან უარი თქვა თავისთვის განკუთვნილ როლზე, ყოფილიყო პოლიტიკური სტრატეგიის მძევალი, რასაც რევოლუციური პროცესის განვითარება ჰქვია. იგი გამოიჭრა, როგორც “ქვინის” ცნობილ სიმღერაშია, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარეზზე გაიჭრა და მას იმ წუთში მიუთითეს, რომ მისი ადგილი არის სარეცელზე, სადაც მან უნდა ითამაშოს მომაკვდავი, მოწამლული პრეზიდენტის როლი, რათა საქართველოს სახელმწიფოს ამით უფრო მეტი ზიანი მოაყენოს. მისი პოლიტიკური ლიდერობა დღეს არავის სჭირდება. უკრაინის რადა განცხადებას აკეთებს იგივე კონტექსტში, რასაკვირველია, მისი მოქალაქე გათვალისწინებულია, მაგრამ უკრაინის მოქალაქე იყო მაშინაც, როცა უკანონოდ კვეთდა საზღვარს და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ დაარღვია და უკრაინის კანონებიც, გარდა იმ კანონებისა, რომლის გამოც არის ის ბრალდებული ძალიან სერიოზული დანაშაულების გამო“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,783,954 ნახვა