მედიცინა

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში, კორონავირუსი როგორ უნდა გამოვარჩიოთ და არის თუ არა განსხვავება ამ 2 ტიპის ვირუსს შორის? – ივანე ჩხაიძის განმარტება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის სეზონი უკვე დაწყებულია. 

ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას ისაუბრა, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს დღეს ქვეყანაში.

ჩხაიძე მოსახლეობას, რეკომენდაციების დაცვისკენ და გრიპის ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. 

„2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში უფრო მეტად აქტიურია „რინოვირუსი“. „რინოვირუსი“ არ გახლავთ მძიმე დაავადების გამომწვევი ვირუსი, მას უმეტესად შეუძლია გაციების მსგავსი სიმპტომატიკა გამოიწვიოს. მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება ბრონქების შევიწროებით მიმდინარე დაავადება გამოიწვიოს. 

რა სიმპტომები ახასიათებს „რინოვირუსს“:

✔️ ცხვირცემინება

✔️ ცხვირიდან გამონადენი

✔️ სუნთქვის გაძნელება

✔️ მსუბუქი ყელის ტკივილი

✔️ დაბალი ტემპერატურა

ამ დროს ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე და ადამიანს შეუძლია სამსახურში, სკოლაში, სასწავლებელში წავიდეს. ხანდახან ბრონქოსპაზმი „მსტვინავი სუნთქვა“ რთული მოსასმენია, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივია სუნთქვის გახშირებაზე აპელირება. თუ თქვენ შვილს აქვს გახშირებული ხველა და სუნთქვა სჯობს მდგომარეობა ექიმს შეაფასებინოთ. გახშირებული სუნთქვის უკან, შეიძლება ფილტვის ანთება იდგეს.

აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში „რინოვირუსით“ გამოწვეული ზემო სასუნთქი ინფექციის ხანგრძლივობა არის 6-7 დღე, როგორ წესი ამაზე მეტი უკვე გართულებაა და სულ სხვა მართვა სჭირდება“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ კორონავირუსი როგორ უნდა გამოვარჩიოთ და არის თუ არა განსხვავება ამ 2 ტიპის ვირუსს შორის.

„კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს საქართველოში – „ომიკრონი“ – არ ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით და მარტო კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით რთულია ამ ვირუსზე ეჭვის მიტანა. თუმცა თუ არის: მაღალი ცხელება, თავის, ყელის, კუნთების ტკივილი, თუ ასეთი სიმპტომატიკა შეინიშნება, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის კორონავირუსი, თუმცა ეს ახასიათებს გრიპის ვირუსსაც.

მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთოს სისუსტე, თუ ასეთი სიმპტომებია, სჯობს ადამიანი იყოს ექიმის დაკვირვების ქვეშ.

სამწუხაროდ, კორონავირუსს ახასიათებს პოსტკოვიდური მდგომარეობა, როდესაც კორონავირუსის მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ ხანგრძლივად რჩება ან ჩნდება ახალი სიმპტომი: ხველა, საერთოს სისუსტე, თავის  ტკივილი. აქ უკვე დატოვებული სიმპტომების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს თვეების განმავლობაში“, – აღნიშნავს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

ამასთან, ჩხაიძემ განმარტა თუ ვის უნდა ეშინოდეს უფრო მეტად კორონავირუსის.

„კორონავირუსი არსად არ გაქრება და დარჩება ჩვენი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად. ისეთად, როგორიც არის გრიპის ვირუსი. მოსახლეობის ძირითადი ფენისთვის კორონავირუსი საშიში არ არის. რისკჯგუფები გვაქვს გამოყოფილი, ეს არის: ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ჯანდაცვის მუშაკები, პედაგოგები და 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა. მათთვის კოვიდის ეს მსუბუქი ვარიანტი არის საშიში. რინოვირუსის და გრიპის დროს არ არის აუცილებელი ანტიბიოტიკის მიღება“, – დასძენს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,159 ნახვა