პოლიტიკა

NDI-ს კვლევა გამოქვეყნდა

 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.

უფრო კონკრეტულად, NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას: „არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს“, გამოკითხული პირების 62% პასუხობს – „არა“. 29% კითხვაზე დადებით პასუხს იძლევა. 7% ამბობს, რომ არ იცის, 2% პასუხზე უარს ამბობს. აღნიშნული სტატისტიკის განაწილება მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით კი აჩვენებს, რომ რწმენა, რომ მათ ინტერესებს ერთი პოლიტიური პარტია მაინც გამოხატავს, შედარებით მაღალია დიდ ქალაქებში, 55+ ასაკობრივ ჯგუფსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში.კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ ყოველი მეხუთე მხარდამჭერი, თითქმის ყოველი მეორე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა უმრავლესობა ამბობს, რომ არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებთ არსებული მთავრობის საქმიანობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, კარგად 54% აფასებს, მაშინ როდესაც, მარტის თვეში იმავე კითხვაზე დადებითი პასუხი 43-მა პროცენტმა გასცა. ოქტომბრის მონაცემებით, მთავრობის საქმიანობა ცუდად 38%-მა შეაფასა, მარტის მონაცემებით კი გამოკითხულთა 43 პროცენტი აფასებდა მთავრობის მუშაობას ცუდად.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის შეფასება ყველაზე მაღალი მცირე ტიპის დასახლებებშია. შესაბამისად, მთავრობის საქმიანობით ყველაზე უკმაყოფილოები თბილისის მცხოვრებლები არიან, სადაც მთავრობის მუშაობას კარგად 41% აფასებს, ცუდად კი – 49%, მთავრობის მუშაობას ყველაზე კარგი შეფასება სოფელსა და უმცირესობების დასახლებებშია, სადაც შესაბამისად, კარგი შეფასება 60%-მა და 68%-მა მისცა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა მესამედი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნახევარი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, მთავრობის მუშაობას ყველაზე კარგად 35-54 წლის ასაკობრივ კატეგორიებში აფასებენ, სადაც კითხვაზე პასუხს თუ როგორ მუშაობს მთავრობა, პასუხად: „კარგად“ 55%-მა გასცა, 18-34 ასაკობრივ კატეგორიაში პროცენტული მაჩვენებელი 52%-ს შეადგენს.

ამასთან, როგორც „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში“ განმარტავენ, მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში მოიმატა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

16% – კარგად

41% – საშუალოდ

30% – ცუდად

11% – უარი პასუხზე

1% – არ ვიცი

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა.

კითხვაზე, ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

12% – ფული არ გვყოფნის საკვებზე;

28% – ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე;

45% – ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები;

10% – საშუალება გვაქვს შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა;

3%- საშუალება გვაქვს შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება;

1%- არ ვიცი.

1%- უარი პასუხზე.

NDI-ის მონაცემებით, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს, მათივე განმარტებით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებშია.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. შესაბამის კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 62%-მა გასცა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ განმარტავს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა – აღნიშნულ მიზეზებს შესაბამისად გამოკითხულთა 65% და 56% ასახელებს.

ამასთან, უმრავლესობა, 80 პროცენტი, მიიჩნევს, რომ ემიგრაციას საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,711 ნახვა