პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს: ქალბატონო ხატია, ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც არასდროს მიუღია და არც არასდროს მიიღებს – ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს

ქალბატონო ხატია, ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც არასდროს მიუღია და არც არასდროს მიიღებს. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსული“ უწოდა.

დეკანოიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, დემოკრატია დაანგრიოს და ქვეყანას მომავალი წაართვას.

„რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობა ჩვენ თავზე ზრუნვაა და საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობაა ჩაგრულ ადამიანებზე ზრუნვა. ჩაგრულ ქალებზე, ემიგრაციაზე და ყველა იმ ადამიანზე ზრუნვა, ვის მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ქვეყანა, რომლის გადატეხაც ახლა უნდა „ქართლ ოცნებას“ ახალი „რუსული კანონმდებლობის“ შემოტანით… თქვენ გინდათ, რომ დემოკრატია დაანგრიოთ და ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ. ეს პოლიტიკური ძალა ხართ თქვენ,“ – აღნიშნა დეკანოიძემ.

დეკანოიძის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დეკანოიძეს მიმართა „თქვი, რა არის რუსული და დეკლარირებაში რა არის ცუდი“.

ოპოზიციონერის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც, რომელმაც დეკანოიძეს უთხრა, რომ საქართველოს პარლამენტი არანაირ „რუსულ კანონს“ არ იღებს და არც არასდროს მიუღია.

„ქალბატონო ხატია, მაინც შეგახსენებთ, რომ ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ. არანაირ „რუსულ კანონს“ საქართველოს პარლამენტი არ იღებს. არც არასდროს მიღია და არც არასდროს მიიღებს. ეს პათეტიკა, რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გაგივათ. დაივიწყეთ. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,772,307 ნახვა