დღეს მართლმადიდებლური ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა და დაარსდა ქრისტეს ეკლესია.
აღდგომიდან 50 – ე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს დედაზე და 120 მოწაფეზე გადმოვიდა, უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია.
სულფმოფენობის ერთერთი ტრადიციაა ყვავილების კურთხევა..
ამ დღეს ტაძარს ყვავილებით, მწვანე მინდვრის მასით რთავენ, წირვის შემდეგ იკურთხება ეს ყვავილები. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ. ეს ბალახები, ყვავილები ერთი კვირის შემდეგ მიაქვთ სახლში და წელიწადის განმავლობაში იყენებენ როგორც სიწმინდეს, ხარშავენ და მიირთმევენ.
” ჰოი, სულო წმინდაო, მოვედ და დაემკვიდრე ეკლესიის გულში! ჰოი, სულო წმინდაო, მოდი ჩვენს მიწიერ ტაძრებშიც და ჩვენს გულებშიც… ამინ ”