ლატვიის ჭკვიანი მართვისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ინგა ბერზინა აცხადებს, რომ ციფრული განვითარების სახელმწიფო მართვის დირექტორს, იორენ ლიოპს უფლებამოსილებას შეუჩერებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც ლატვიის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმების დათვლის აპარატებს ხარვეზი შეექმნათ და ბიულეტენების ხელით დათვლა გახდა საჭირო.
ამის შესახებ ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას.
მინისტრის განმარტებით, ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ედვინს ბალშევიჩისი უხელმძღვანელებს.
როგორც ინგა ბერზინამ განაცხადა, მუნიციპალურ არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესი იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზე პასუხისმგებლობა ასევე უნდა აიღოს ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ, რომელიც სეიმის მიერ არჩეული ორგანოა და მხოლოდ მას აქვს არჩევნების ორგანიზების მანდატი.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია არსებითად ასევე აგებს პასუხს ტექნიკურ პრობლემებზე, რადგან ის არის მთელი ამ პროცესის ხელმძღვანელი და ერთადერთი ორგანო, რომელსაც სეიმისგან აქვს მანდატი. თუმცა, ვინაიდან ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტო ინსტიტუციურად ექვემდებარება რეგიონული განვითარების სამინისტროს, ჩვენ დავინახეთ, რომ ის, რაც არჩევნების ღამით მოხდა, მიუღებელია და ახლა მე მივიღე გადაწყვეტილება, უფლებამოსილება შევუჩერო სააგენტოს დირექტორს“, – თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ გაიმართება სამსახურებრივი შემოწმება, რომლის შედეგადაც გამოვლინდებიან პასუხისმგებელი პირები.
ლატვიაში მუნიციპალური არჩევნები 7 ივნისს გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმების ავტომატური დათვლის მანქანებს პრობლემები შეექმნა, რის გამოც ბიულეტენების ხელით დათვლა გახდა საჭირო და არჩევნების შედეგების გამოცხადება შეყოვნდა. ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, კრისტინა საულიტემ განაცხადა, რომ მზად არის, დატოვოს თანამდებობა, თუ მისი პასუხისმგებლობა დადგინდება.