უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ძიუდოს გუნდური ჩემპიონატი შერეული გუნდით ტარდება (სამი მამაკაცი, სამი ქალი), საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა პირველად მოიპოვა (ქართველი ძიუდოისტები ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ), მანამდე ზედიზედ შვიდეჯერ იაპონიის ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო. წელსვე, მსოფლიო ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრები აპრილში შერეულ გუნდურ შეჯიბებაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში იტალიას 4:0 მოუგეს, ნახევარფინალში კი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, იაპონიას 4:2 სძლიეს.
დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.