პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვისას, მომხსენებელს- შოთა ბერეკაშვილს კითხვა დაუსვა.
დეპუტატი ქვეყანაში რიგ დარგებში კომპეტენტური კადრების ნაკლებობასა და ქვეყანაში უმუშევრობის არსებობას გამოეხმაურა. ეკა სეფაშვილი დაინტერესდა თუ რა არის გათვალისწინებული ახალი კანონმდებლობით.
„ბატონო შოთა, მადლობა წარმოდგენილი ინიციატივისათვის. საქართველოს შრომის ბაზარზე ნამდვილად საჭიროა, რომ შრომითი მიგრაციის დარეგულირებისათვის გადავდგათ პირველი ნაბიჯები და ეს კანონმდებლობა, როგორც ვხედავთ, სწორედ ახალი მექანიზმების შექმნასა და განვითარებას ემსახურება. თქვენ ბრძანეთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაო ბაზარზე არსებობს შრომითი რესურსები, რომელთა კვალიფიკაცია არ შეესაბამება მოცემული დარგის მოთხოვნას კვალიფიკაციის მიხედვით, მოხდება შრომითი კადრების გადამზადება. ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა მეტი განმარტება რომ გააკეთოთ. როდესაც ბევრ დარგში არსებობს დეფიციტი, დამსაქმებლები უჩივიან მუშა ხელის ნაკლებობას და კვალიფიციური კადრების არ არსებობას და მეორეს მხრივ, ქვეყანაში არსებობს უმუშევრობა. ამ მექანიზმის შექმნისათვის არის რაიმე გათვალისწინებული კანონმდებლობაში? რა სიახლე არის შემოთავაზებული ამ კანონმდებლობით, რა ნაბიჯები იგეგმება?“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი და სწრაფი ზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელია მოხდეს ქვეყანაში შრომითი მიგრანტების აღრიცხვა.
მისი თქმით, კერძო და საჯარო სექტორმა უნდა იზრუნონ ადგილობრივი შრომითი რესურსის გადამზადებაზე, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი სამუშაო ძალით ჩანაცვლდეს მიგრაციული რესურსი