პოლიტიკა

პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა 2024 წელს ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებზე და მათ საპასუხოდ უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში უწევს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების შესრულება.

„რეგიონში არსებული გარემო და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები არსებით გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოზე. 2020-2024 წლებში წარმოებულ სამხედრო დაპირისპირებებს ბოლო დღეებში დაემატა კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირება, რაც რეგიონულ უსაფრთხოებას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, 2024 წელი სხვა წლების მსგავსად, სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული გამოწვევებით გამოირჩეოდა.

შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უწევდა და დღესაც უწევს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების შესრულება.

„საქართველოსთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მშვიდობის შენარჩუნება და რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან უწყებათაშორის კოორდინაციას და უსაფრთხოების სფეროში მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას. აქვე აღვნიშნავ, რომ ვითარების დეესკალაციასა და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დეტალურად ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ქმედებებზე.

როგორც მან განაცხადა, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას.

მისი განმარტებით, სამსახური აქტიურად მუშაობდა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად, ამ მხრივ ყველა შესაძლო მექანიზმისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, განაგრძობდა მუშაობას საქართველოში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურის დაინტერესების სფეროების და მისწრაფებების, მათი საქმიანობის მეთოდებისა და ფორმების გამოვლენის მიმართულებით.

მისი თქმით, გასული წლის მსგავსად, 2024 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული.

„სამსახურის ოპერატიული, ოპერატიულ-საგამოძიებო და ანალიტიკური მუშაობის შედეგად, მათ შორის სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციის პირობებში, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები აგრეთვე ცალკეული შიდა და გარე აქტორები, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენას. მომხსენებლის ინფორმაციით, 2024 წელს სხვადასხვა აქტორებმა, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდგომ, საქართველოში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა განახორციელეს.

მისი თქმით, პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები, იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ. „საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ე.წ. მაიდანიზაცია წარმოადგენდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სამსახურის მიერ გატარებული შესაბამისი ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, მოხერხდა დესტრუქციული პროცესების თავიდან აცილება და სტაბილური გარემოს შენარჩუნება.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, განაგრძობდა მუშაობას საქართველოში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურის დაინტერესების სფეროების და მისწრაფებების, მათი საქმიანობის მეთოდებისა და ფორმების გამოვლენის მიმართულებით. მომხსენებლის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას, რომლის შედეგად, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო ნარჩუნდება.

ანგარიშის თანახმად, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გატარებული ზომების შედეგად, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა ტერორისტული ფორმირებები თუ სტრუქტურირებული ჯგუფები. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, 2024 წლის განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ტარდებოდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

გრძელდებოდა კორუფციისადმი მოწყვლადი ჯგუფებისა და სფეროების იდენტიფიცირება, საჯარო სექტორში კორუფციული რისკების შემცირება-აღმოფხვრისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

„ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ შეტევას, თავდასხმას და ზეგავლენის მცდელობას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ წესრიგზე მუქარებით, დეზინფორმაციით და სხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტებით. მსურს დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი ღირსეული პირადი შემადგენლობით, ყოველთვის იდგა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე. თითოეული ჩვენგანი ღირსეულად და ეფექტიანად გავაგრძელებთ ჩვენი უმთავრესი მისიის შესრულებას – დავიცავთ საქართველოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში არიან ჩართულნი, მადლობა გადაუხადა.

​„იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდში უწევს ცხოვრება, სწორედ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის და მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ არცერთი რისკი, რომელიც რეალური იყო, არ განხორციელდა. საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოების ის გარემო, რომელიც არა მხოლოდ მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა