აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე იერიშს ძალიან სუსტს უწოდებს. დონალდ ტრამპი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ირანმა ოფიციალურად უპასუხა ჩვენი მხრიდან მათი ბირთვული ობიექტების განადგურებას ძალიან სუსტი პასუხით, რასაც ველოდით და ძალიან ეფექტურად ვუპასუხეთ“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კატარის მიმართულებით ირანმა 14 რაკეტა ისროლა, აქედან 13 ჩამოაგდეს, ხოლო ერთი თავისუფლად გაუშვეს, რადგან არავის საფრთხე არ ემუქრებოდა.
„სიამოვნებით ვაცხადებ, რომ არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა და თითქმის არანაირი ზიანი არ მიადგა. რაც ყველაზე მნშვნელოვანია, მათ ეს ყველაფერი „ამოიღეს თავიანთი სისტემიდან“ და იმედი მაქვს, რომ სიძულვილი აღარ იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ირანს ადრეული გაფრთხილებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ არავინ დაღუპულიყო და დაშავებულიყო. შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში და მე ენთუზიაზმით მოვუწოდებ ისრაელს იმავეს გაკეთებისკენ“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანმა გააფრთხილა კატარი და აშშ საპასუხო თავდასხმის შესახებ.