პარლამენტმა პირველი მოსმენით, 84 ხმით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება მიიღო.
მომხსენებლის, იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, ცვლილებები ეხება „სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხებს.
მისივე თქმით, ისეთი დანაშაულებით მიყენებული ზიანის შემთხვევაში, როგორიც არის ქურდობა, დიდი ოდენობით ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, დიდი ოდენობით გაფლანგვა, ყადაღა დაედება მსჯავრდებულის ყველა ქონებას – იმ ქონებას, რომლითაც უნდა ანაზღაურდეს მიყენებული ზიანი. ასევე, დამნაშავის ახლო ნათესავებს თუ ექნებათ დაუსაბუთებელი ქონება, მოხდება მათი დაყადაღება და ჩამორთმევაც, მაგრამ მოქმედი რედაქციისგან გასხვავებით, სახელმწიფო უარს ამბობს ასეთი ქონების მიღებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია არა ახალი ქონების მიღება, არამედ დაზარალებულების დაკმაყოფილება და სწორედ ამიტომაც ამ შემთხვევაშიც ახლობლისგან, ახლო ნათესავისგან მიღებული ქონებაც პირდაპირ მიემართება კონკრეტული ზიანის ასანაზღაურებლად.
როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, თუ დამნაშავეს დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლად, თვალთმაქცურად ან მოჩვენებით გადაცემული ექნება ქონება როგორც ახლო ნათესავისათვის, ასევე სხვა პირისათვის, იმისათვის რომ გაექცეს პასუხისმგებლობას, აღნიშნული ქონების უკან დაბრუნებაც მოხდება დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად.
მისი განცხადებით, ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შემუშავდება ახალი მექანიზმი – საზღვრის კვეთის აკრძალვა.
მსჯავრდებული, რომელიც საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აეკრძალება დატოვოს საქართველოს ტერიტორია, რათა უზრუნველყოფილი იყოს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება. ამავდროულად, აღნიშნული პირის მიმართ გამოყენებული იქნება ელექტრონული მონიტორინგის საშუალება, რაც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ზიანის ანაზღაურებას და ამ ანაზღაურების ვალდებულებისგან გაქცევის პრევენციას“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.