„უკვე ოპოზიციის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები ნაკლებად აქვთ და მხოლოდ იმას ამტკიცებენ, თითქოს დაბარებები მხოლოდ პოლიტიკური მოტივით ხდება. საქართველოს მოსახლეობას ჯერ ისევ კარგად ახსოვს ის 9 წელი და იცის, რას ნიშნავს უსამართლობა. ყველას უნახავს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ციხეში წამება. ასეთ ფონზე, როგორ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან?“- ამის შესახებ ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე Front News-თან აცხადებს.
პოლიტოლოგმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელთა თქმით, კომისიის საქმიანობა „პოლიტიზებული გახდა და გაჩნდა მოლოდინი, რომ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა მასობრივ ხასიათს მიიღებს“.
მისი განცხადებით, ოპოზიციამ ვერ გაიაზრა, რომ ასეთი თვალშისაცემი ტყუილები ქართველებისთვის აღარც ეფექტურია და აღარც მისაღები.
„გვარამია ერთხელ უკვე იყო დაჭერილი და განთავისუფლდა უვნებლად. ახლა თვითონ მივიდა ციხესთან – რატომ? იმიტომ, რომ იცის: ცოტა ხანს ჩაჯდება და “დაისვენებს”. ხალხს არაერთი დაპირება მისცეს და მოატყუეს. იმედგაცრუებულ ამომრჩეველს მხოლოდ ეს დარჩა – იმედის დაკარგვა. ახლა კი, როცა გამოსავალი ვერ ნახეს, თავად აწყობენ საკუთარი დაჭერის სცენარს.
დღეს ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათი დაკავება მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებს ემყარება, მაგრამ ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების შემდეგ რატომ უნდა ენდოს მათ საზოგადოება? ოპოზიციამ ვერ გაიაზრა, რომ ასეთი თვალშისაცემი ტყუილები ქართველებისთვის აღარც ეფექტურია და აღარც მისაღები. ასეთ დროს მათი განცხადებები გავლენას კარგავს“-აცხადებს საყვარელიძე.