აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აქებს.
ალიევმა ტრამპი შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე შეაქო, რის შემდეგაც ტრამპმა მოჭრილი ვიდეო თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
ალიევი ვიდეოში ამბობს, რომ არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას არ მოელოდა, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის გამარჯვება ერჩივნა. ალიევმა ასევე დაამატა, რომ ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ დაუწყია: “მისი პრეზიდენტობისას ხედავ, რომ მას ომების დამთავრება სურს,” განმარტა მან.
“მადლობელი ვართ პირადად მისდამი, მისი პირადი მისწრაფებისთვის, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შეთანხმების მიღწევაში დაეხმაროს მიუხედავად იმისა, რომ ის დაკავებულია გლობალური უსაფრთხოების საკითხებით. მისთვის სამხრეთ კავკასია დღის წესრიგში რჩება” – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
20 ივლისს ალიევმა ტრამპს მადლობაც გადაუხადა ვიდეოს გაზიარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ახალ დონეს მიაღწევს მისი პრეზიდენტობის განმავლობაში.
“მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩვენს მხარდაჭერას პრეზიდენტ ტრამპის ხედვისა და ძალისხმევის მიმართ, რათა მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენს რეგიონშიც, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას.” – დაწერა მან X-ზე.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ბაქო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის ემზადება.
“ჩვენთვის ყველაფერი ნათელია: ვიცით, რაც მოხდა და შეგვიძლია ამის დამტკიცება. ვიცით, რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმაც იციან, რაც მოხდა და ეს კითხვას ბადებს – რატომ არ აკეთებენ იმას, რაც ნებისმიერ მეზობელს უნდა გაეკეთებინა. ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად ბუნებრივია – მათ აღიარონ ეს შემთხვევა როგორც მათი ბრალი, დასაჯონ ისინი, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო და გადაუხადონ კომპენსაცია დაღუპულების ოჯახებს, დაჭრილებს და AZAL-ს, თვითმფრინავის დაკარგვისთვის” – განაცხადა ალიევმა.