ჩინეთში, ტიანძინში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შსო) სამიტი, რომელსაც კვირას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრო, ჩინელი ლიდერისთვის, სი ძინ პინისთვის „ჩინეთის მიმზიდველობით ტრაბახის“ შესაძლებლობა გახდა, წერს New York Times-ი.
NYT-ი აღნიშნავს, რომ ჩინეთში სი-სთვის ხელსაყრელად შეიკრიბნენ მოდი, რომელიც ტრამპმა 50-პროცენტიანი ტარიფებით „მოიშორა თავიდან“, და პუტინი, რომელიც რესპუბლიკელმა, პირიქით, „იზოლაციიდან გამოიყვანა“.
CNN-ი წერს, რომ სი-მ მოდისა და პუტინს „წითელი ხალიჩა გაუშალა“, რათა საკუთარი ქვეყანა „სტაბილურ ლიდერად“ წარმოეჩინა, სანამ ტრამპი „არყევს ალიანსებს და სავაჭრო ომს აწარმოებს მთელ მსოფლიოსთან“. ამ სამიტმა პუტინს, სავარაუდოდ, „კიდევ ერთი საერთაშორისო ასპარეზი აჩუქა“ ალასკის შემდეგ.
CNN-ის ექსპერტების ვარაუდები ტრამპის „გრძელი ჩრდილისა“ და აშშ-ის „უხილავი დასწრების“ შესახებ პუტინისა და სი-ს შეხვედრის შესახებ გავრცელებულმა სიახლეებმა დაადასტურა. როგორც რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა, კერძოდ, „ამერიკელებთან ბოლო კონტაქტები“ განიხილეს.
Newsweek-მა ყურადღება ასევე პეკინში სამიტის შემდეგ გამართულ სამხედრო აღლუმზე გაამახვილა. მასზე პირველად შეხვდნენ ე.წ. „კრინკის“ (CRINK — ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა) კვარტეტის, ან როგორც მას ასევე უწოდებენ, „არეულობის ღერძის“ ყველა ლიდერი.