ეკატერინბურგში აზერბაიჯანული ჯგუფების უხუცესებმა და ავტორიტეტულმა წარმომადგენლებმა თავიანთ ახალ ლიდერად საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ურალის აზერბაიჯანელთა კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ცენტრის“ თავმჯდომარე ვიდადი მუსტაფაევი აირჩიეს. თავად მან განაცხადა, რომ დიასპორის ცნება გაუქმდა, რადგან „მან თავი ამოწურა“.
„ამ პოსტზე ვაპირებ ახალგაზრდების აღზრდით დავკავდე, რადგან არავის აუხსნია მათთვის, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ჩვენ ავუხსნით, რომ აუცილებელია რუსული კანონმდებლობის ნორმებით ცხოვრება. შაჰინ შიხლინსკის საქმიანობა დიასპორის ხელმძღვანელის პოსტზე სრულად ჩავარდა, ის არ იყო მიმართული არც ბიზნესისკენ, არც კულტურისკენ. ყველა პრეროგატივას ის საკუთარ ჯიბეში იდებდა“, – განუცხადა მუსტაფაევმა გამოცემა 66.ru-ს.
აგვისტოს დასაწყისში, ურალში აზერბაიჯანული დიასპორის ყოფილი ლიდერი შაჰინ შიხლინსკი დაუსწრებლად დააპატიმრეს მკვლელობისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობის გამოყენების საქმეზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, შიხლინსკის („აზერბაიჯან-ურალს“ ხელმძღვანელობდა) და მუსტაფაევს შორის დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტი იყო.
შიხლინსკის დაპატიმრების შემდეგ ურალის აზერბაიჯანელების ფაქტობრივად ახალი ლიდერი მუსტაფაევი გახდა, თავად განაცხადა მან გამოცემა Ъ-Урал-თან საუბარში.
„სვერდლოვსკის ოლქში რთული ვითარება შეიქმნა. ჩვენი თანამემამულეები დიდი ხნის განმავლობაში ჩაგვრისა და სისტემატური ზეწოლის ქვეშ იყვნენ. მულტიკულტურიზმისა და ტოლერანტობის განვითარების, განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდებთან აღმზრდელობითი მუშაობის, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ნაცვლად, წინა ხელმძღვანელები მხოლოდ საკუთარ პრობლემებს აგვარებდნენ“, – ციტირებს E1.ru მუსტაფაევს.
ამასთან, როგორც Ъ-Урал აზუსტებს, ურალის აზერბაიჯანელების ახალი ლიდერი ადრე ფიგურირებდა საქმეში, რომელიც ეხებოდა 6 მილიონი რუბლის ქრთამის გადაცემას სვერდლოვსკის ოლქის უშიშროების ფედერალური სამსახურის კაპიტნისთვის, შუაურალსკის ყოფილი მერის, ანდრეი ზაშლიაპინისგან.