„ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა გარკვეულწილად უკვე მოხდა, თუმცა, ცხადია, არა იმ დოზით, რითაც კმაყოფილები ვიქნებოდით“, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცესპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ღიაა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ყველასთან, სტრატეგიულად კი, გეზი დასავლეთისა და ევროპული ინტეგრაციისკენ აქვს მიმართული.
„ის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს დღეში სამჯერ აღარ ახსენებს უარყოფით კონტექსტში, გარკვეულწილად უკვე არის ურთიერთობების გადატვირთვა. არადა, კარგად გვახსოვს ის დრო, როცა, თვეებისა და წლების განმავლობაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგებზე საქართველოს შესახებ ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებას მეტ დროს უთმობდნენ, ვიდრე რუსეთისა და უკრაინის სისხლისმღვრელ ომს (როგორც ეს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხდებოდა). ეს უკვე გადატვირთვაა, თუმცა, ჩვენ გვინდა აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობამ რეალური შინაარსი შეიძინოს.
ჩვენი სურვილია თანასწორი, პარტნიორული ურთიერთობა და არა ისეთი, როგორიც აქამდე იყო, როცა ჩვენს ქვეყანაში აშშ-ის ელჩი უფლებას აძლევდა თავს, მაგიდაზე მუშტების ბრახუნით მიეცა მითითებები საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებისთვის, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი უნდა შეესრულებინა თურმე, რასაც ის იტყოდა, თვით ისეთი მოთხოვნების ჩათვლით, როგორიც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა იყო.
რაც შეეხება ჰელსინკის კომისიას, [რომელიც ერთ კვირაში შეიკრიბება და რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც არის ჯო ვილსონი, სადაც საქართველოზეც ისაუბრებენ], წინასწარ ვიცით, რასაც იტყვიან და ეს იქნება მორიგი ტყუილი და ცილისწამება ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მის განხილვას დიდი დრო დავუთმოთ. დღეს ქართულ საზოგადოებაში ძალიან ცოტას ახსოვს ვინ არის კონგრესმენი კინზინგერი, რომლის სახელიც რომ მკითხოთ, აღარც მახსოვს, მგონი ადამ კიზინგერი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოირჩეოდა ანტიქართული და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო როტორიკით, დღეს კი მისი სახელი საქართველოში კი არა, მის მშობლიურ შტატშიც ყველას დაავიწყდა. არადა, თავის დროზე ქართულ ოპომედიაში, ქართველ ენჯეოშნიკებსა და მავნებელ ოპოზიციაში ის იყო ყველაზე ხშირად ციტირებადი უცხოელი პოლიტიკოსი. ასე ჩაივლის ამ ჯო ვილსონის თემაც, როგორც სხვა კონგრესმენებისას ჩაუვლია. უბრალოდ, ქართული ოპოზიციის ერთი ცრუ კერპის ადგილი მეორე ცრუ კერპმა დაიკავა – ესაა მთელი სურათი.
ამ გვარ-სახელთა კალეიდოსკოპურ ცვლას არ უნდა მივაქციოთ იმაზე მეტი ყურადღება, ვიდრე ისინი იმსახურებენ. მით უმეტეს, როცა წინასწარ გამოქვეყნდა ის, თუ რამდენ ტყუილს იტყვიან ამ შეკრებისას. მათ შორის, მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში თურმე იმდენი ჩინური ინვესტიცია შემოვიდა, ადგილი აღარ დაუტოვებია ამერიკული და ევროპული ინვესტიციებისთვის. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ერთი პასაჟის არ იყოს, სად ნახეს ამ შეჩვენებულებმა ამდენი ჩინური ინვესტიცია, თორემ კარგი იქნებოდა, მართლა რომ ყოფილიყო. ჩვენ ღია ვართ ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ყველასთან. სტრატეგიულად კი, ჩვენი გეზი, რა თქმა უნდა, დასავლეთისა და ევროპული ინტეგრაციისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.