„[საქართველოს პრეზიდენტის] წერილის კონტექსტი ბაიდენის ადმინისტრაციის 2024 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც 2009 წელს გაფორმებული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაუქმდა. ბაიდენის მიერ ქარტიის გაუქმება 2024 წლის ოქტომბრის დაძაბული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა, რასაც თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა“,-ამის შესახებ გავლენიანი ონლაინგამოცემა Responsible Statecraft-ი გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არასდროს ყოფილა წარმოდენილი.
„იმის დამაჯერებელი მტკიცებულება არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი, რომ არჩევნები გაყალბდა. ნაცვლად ამისა, არჩევნებში გაიმარჯვა იმ ერთადერთმა პარტიამ საქართველოში, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ყველგან აქვს წვდომა და დიდი ფინანსური რესურსები გააჩნია წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა ზოგიერთ ამერიკელ პოლიტიკოსს კვლავაც მოეთხოვა სანქციების დაწესება მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – წინააღმდეგ და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოწოდებით ზეწოლა განეხორციელებინათ“,- აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში ასევე ყურადღებაა გამახვილებული საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რასაც ავტორი გაუგებარს უწოდებს.
„აქამდე გაუგებარი რჩება, რას ემსახურება საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჩინეთთან უფრო მეტად დაახლოებისკენ უბიძგებს. საქართველო პატარა სახელმწიფოა 4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით, ეკონომიკა კი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით (PPP) 142 მილიარდ დოლარს შეადგენს. აშშ-ის ვაჭრობა საქართველოსთან მოკრძალებულია – 2024 წელს $2.9 მილიარდი შეადგინა, რაც მეტწილად ამერიკელი ექსპორტიორების სასარგებლოდ იხრება. თუმცა, აშშ-ის ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებთან – სომხეთსა და აზერბაიჯანთან – ამაზე დაბალ ნიშნულზეა“,- ვკითხულობთ Responsible Statecraft-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.