აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის (ICE) და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ერთობლივი რეიდის შედეგად, ჯორჯიის შტატში ელექტრომობილების ბატარეების ქარხნის მშენებლობა შეჩერდა, – იუწყება Associated Press-ი. ამ პროექტში სამხრეთ კორეულმა კომპანიებმა, LG-მ და Hyundai-მ, 4 მილიარდ დოლარზე მეტი ჩადეს.
როგორც რეიდში მონაწილე ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების ბიურომ (ATF) განაცხადა, ქარხანაში „დაახლოებით 450 არალეგალი მიგრანტი“ დააკავეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს (DHS) თქმით კი, შემოწმება „თანამშრომლების შესაძლო არალეგალურ დაქირავებასთან“ დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
ინციდენტს სამხრეთ კორეის მთავრობაც გამოეხმაურა, რადგან დაკავებულთა შორის მისი მოქალაქეებიც არიან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაგზავნა დიპლომატები სიტუაციის გასარკვევად.
„კორეელი ინვესტორების ეკონომიკურ აქტივობასა და კორეის მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებში აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უსამართლო ჩარევა დაუშვებელია,“ – ციტირებს სამხრეთ კორეის მხარეს Associated Press-ი.