ზესტაფონში ოფიციალურად გაიხსნა სამშენებლო არმატურის მწარმოებელი ახალი მეტალურგიული ქარხანა, რომელიც კომპანია „ჯორჯია მეტალის“ ინიციატივით აშენდა.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი.
ქარხნის ამოქმედება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა დასაქმების კუთხით. ამ ეტაპზე საწარმოში უკვე 350 ადამიანია დასაქმებული, რაც რეგიონში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, „ჯორჯია მეტალი“ უახლოეს მომავალში გეგმავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ფოლადსადნობი საამქროს მშენებლობას. პროექტის დასრულების შემდეგ დამატებით 600 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ახალ საამქროში წლიურად 450,000 ტონა კვადრატული ნამზადის წარმოება იგეგმება, რაც საქართველოს მეტალურგიული სექტორის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ნაბიჯია.
კომპანიის მიზანია რეგიონში მეტალურგიული წარმოების ახალი სტანდარტის დამკვიდრება. სპეციალისტების შეფასებით, ქარხნის ამოქმედება არა მხოლოდ სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უზრუნველყოფს, არამედ ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკის დინამიურ განვითარებას.
ზესტაფონის ახალ ქარხანას სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება ქვეყნის მეტალურგიული მრეწველობის გრძელვადიანი პერსპექტივებისთვის.