Tesla-ს დირექტორთა საბჭომ ილონ მასკს ახალი საკომპენსაციო პაკეტი შესთავაზა, რამაც შესაძლოა ის მსოფლიოში პირველ ტრილიონერად აქციოს, – იუწყება The Washington Post-ი. Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს კომპანიის აქციების დამატებით 12% გადაეცემა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2035 წლისთვის ის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას ასტრონომიულ 8,5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის.
ეს პაკეტი 18-ჯერ აღემატება წინა შეთავაზებას, მიუხედავად იმისა, რომ ის აქამდეც სარეკორდო იყო CEO-ს კომპენსაციებს შორის. ბაზარმა დადებითად რეაგირება მოახდინა – დასაქმების სუსტი მონაცემების გამო ინდექსების საერთო ვარდნის მიუხედავად, Tesla-ს აქციების ფასი 3%-ით გაიზარდა. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ რობინ დენჰოლმმა აქციონერებისადმი მიწერილ წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიის ამჟამინდელი გარდამტეხი მომენტის დასაძლევად „ილონის უნიკალური ხედვა უაღრესად მნიშვნელოვანია“.
ამ წინადადებამდე მასკი არაერთხელ მიანიშნებდა, რომ თუ Tesla-ს აქციების მინიმუმ 25%-ს არ მიიღებდა, შესაძლოა ყურადღება სხვა პროექტებზე გადაეტანა. სარეკორდო პაკეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აქციონერები ნოემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ, ამჟამად კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება 378 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.