უცხოური მედია

მზისგან დამცავი კრემების სკანდალი ავსტრალიაში: რატომ ვერ იცავს პროდუქტი კანის კიბოსგან

ავსტრალიაში, ქვეყანაში, სადაც კანის კიბოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, მზისგან დამცავ კრემებთან დაკავშირებით სკანდალი აგორდა. სამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს იცავს, დაადგინა, რომ ბევრი პოპულარული ბრენდი არ უზრუნველყოფს ეტიკეტზე მითითებულ დაცვას.

34 წლის რეიჩელისთვის, რომელიც ბავშვობიდან იყენებდა მზისგან დამცავ კრემს, დიაგნოზი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: ექიმებმა მის ცხვირზე კანის კიბოს უჯრედები აღმოაჩინეს, რაც მისი ასაკისთვის უჩვეულო იყო. ოპერაციის შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ კრემი, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდა, არასანდო იყო, შოკი გაბრაზებამ შეცვალა.

დამოუკიდებელი კვლევის შედეგად, რომელიც ორგანიზაცია Choice-მა ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ 20 შემოწმებული პროდუქტიდან 16-ს ეტიკეტზე მითითებული SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) არ შეესაბამებოდა რეალურ შედეგებს. მათ შორის ყველაზე დიდი ჩავარდნა Ultra Violette-ის ბრენდის პროდუქტს ჰქონდა, რომელსაც ეწერა SPF 50+, თუმცა ტესტებმა SPF 4 აჩვენა. ასევე უარყოფითი შედეგები ჰქონდათ ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა Neutrogena, Banana Boat, Bondi Sands და Cancer Council.

სკანდალმა მომხმარებლებში დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგან ისინი წლების განმავლობაში ენდობოდნენ ამ პროდუქტებს. ავსტრალიის სამედიცინო რეგულატორმა TGA-მ (Therapeutic Goods Association) გამოძიება დაიწყო, რის შემდეგაც Ultra Violette-ის ბრენდმა გაყიდვიდან პროდუქტი ამოიღო და საჯაროდ მოიბოდიშა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პროდუქტების ეფექტიანობის შემოწმება რთულია, რადგან სხვადასხვა ლაბორატორია შესაძლოა. განსხვავებულ შედეგებს აჩვენებდეს. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიას მზისგან დამცავი კრემების რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სისტემა აქვს, აღმოჩნდა, რომ ამ სფეროში არსებული პრობლემები მხოლოდ ავსტრალიით არ შემოიფარგლება. ქიმიკოს მიშელ ვონგის თქმით, ეს პრობლემა გლობალურია, რადგან მრავალი ბრენდი ერთსა და იმავე მწარმოებელთან და ლაბორატორიასთან თანამშრომლობს.

მიუხედავად იმისა, რომ სკანდალმა პანიკა გამოიწვია, ექსპერტები მოუწოდებენ მომხმარებლებს, რომ არ შეწყვიტონ მზისგან დამცავი კრემების გამოყენება. ვონგის განცხადებით, უმეტესი კრემი მაინც მნიშვნელოვნად ამცირებს კანის კიბოს რისკს, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქტის სწორად გამოყენება: საკმარისი რაოდენობით წასმა და მისი განახლება ყოველ ორ საათში. ექსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ მზისგან თავი დავიცვათ ტანსაცმლით და ჩრდილითაც.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა