თანამედროვე მსოფლიოში ციფრული ეკონომიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად იქცა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოების ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ ტრანსფორმაციასა და გლობალურ კონკურენტუნარიანობას. ციფრული ინოვაციები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი და WEB3 ტექნოლოგიები, ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისა და საზოგადოების განვითარებისათვის.
20 სექტემბერს, Wyndham Grand Tbilisi-ს სასტუმრომ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა WEB3-ის, iGaming-ისა და კრიპტოინდუსტრიის ლიდერები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიო დონის ექსპერტები, მათ შორის ტობიას ბაუერი (TBV), ანდრეს მენესესი (@crypto0Gs), ალექსეი ტენი (MEXC), გიორგი ვერბიცკი (Angel investor, derivatives traider, Ex-Eroro & Microsofr Forbes Contributor), ტომას კრალოვი — EVEDEX-ის დამფუძნებელი, ტრეიდერი, კრიპტოინვესტორი და მეწარმე, საგანმანათლებლო პლატფორმის „University Grade Trading Education“ ხელმძღვანელი, ავთანდილ კუჩავა („Crypto Bazari“), ნიკა გიგაშვილი (SMH) და ირაკლი ქაშიბაძე (Future Laboratory Ventures) და სხვები.
კონფერენციის პროგრამა მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, თემატურ გამოსვლებს, „Startup Pitch Battle“-ს, ექსპო-ზონას და VIP Networking-ს, რაც მონაწილეებს აძლევდა შესაძლებლობას არა მხოლოდ გაცნობოდნენ უახლეს ინოვაციებს, არამედ უშუალოდ დახმარებოდნენ კრიპტოინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს.
„CryptoNews“-ის, პირველი ქართული კრიპტომედიის დამფუძნებელი გიორგი ქობალია აქტიურად იყო ჩართული კონფერენციის მუშაობაში. ინტერვიუში მან შეაჯამა კონფერენციის შთაბეჭდილებები და ისაუბრა საქართველოს როლზე ციფრული ეკონომიკის განვითარებაში.
— ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას?
გიორგი ქობალია: კონფერენციამ ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველო ეტაპობრივად ყალიბდება კრიპტოეკოსისტემის მნიშვნელოვან რეგიონულ ჰაბად, რაც უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობას ცოდნისა და გამოცდილების გაცვლისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვის.
–რა მიზანს ემსახურება კრიპტონიუს.გე და თქვენი სამომავლო გეგმები?
როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აქტიურად ვადევნებ თვალს ციფრული ეკონომიკის განვითარებას და ვეძებ შესაძლებლობებს პროფესიული და პიროვნული წინსვლისთვის. www.cryptonews.ge მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართული კრიპტოეკოსისტემისთვის, რომელიც სანდო ინფორმაციას აწვდის და ხელს უწყობს ციფრულ ტრენდებში ჩართულობას. ეს სივრცე ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას მაძლევს განვავითარო საკუთარი უნარები.
წლებია, ვაკვირდები საერთაშორისო კონფერენციებს, ამიტომ უდიდესი სიხარულით დავესწარი როგორც VIP მონაწილე. ვირტუალურად მიღებული ცოდნა ახლა პირადად მოვისმინე მსოფლიო დონის ექსპერტებისგან და მქონდა შესაძლებლობა, მეც გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება. მიღებული უკუკავშირი, შექება და კომპლიმენტები დიდ მოტივაციას მმატებენ ჩემი გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის.
–როგორ აფასებთ „CryptoNews.ge“-ს განვითარების პერსპექტივებს საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში და რა სტრატეგიულ ნაბიჯებს მიიჩნევთ მთავარ წინაპირობად პლატფორმის პროფესიული გაძლიერებისა და ბრენდის ცნობადობის ზრდისთვის?
ჩემი მიზანია CryptoNews.ge-ის საერთაშორისო განვითარება, თანამშრომლობის გზით უცხოურ კომპანიებსა და ბირჟებთან, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან გამოცდილების გაზიარებით ან პლატფორმის ფიზიკური/ფინანსური მხარდაჭერით. მათი ჩართულობა საშუალებას მოგვცემს პლატფორმა პროფესიონალურად გავზარდოთ და ფუნქციონალურად დავხვეწოთ. როგორც www.cryptonews.ge-ის წარმომადგენელი, შევძლებ აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფას საიტსა და სოციალურ ქსელებში, რაც დაეხმარება პარტნიორებს ბრენდის ცნობადობის ზრდასა და ქართულ აუდიტორიასთან კავშირის გაძლიერებაში. ჩემი სტრატეგიული მიზანია შევკრა ციფრული ეკონომიკით დაინტერესებული ახალგაზრდების გუნდი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩემი იდეების განხორციელებას, გონებრივი შესაძლებლობების სრულ რეალიზებას და გუნდურად CryptoNews.ge-ის პლატფორმის განვითარებას.
და ბოლოს, კონფერენციამ ცხადყო, რომ ციფრული ეკონომიკა საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიულ შესაძლებლობას, ხოლო ტექნოლოგიური ინოვაციები — ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარ ინსტრუმენტს.