დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა გადაცემაში „თბილისის დროით“ საქართველოს მიმართ სანქციების თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკა, ბრიტანეთი და ევროპა საქართველოს სანქციების საფრთხეს უქმნიან.
მისი შეფასებით, თუ საქართველოში არჩევნებში მათთვის, მათ შორის, ჯო უილსონისთვის მიუღებელი ძალები გაიმარჯვებენ, ისინი უბრალოდ დაუწესებენ სანქციებს საქართველოს, ეს კი კიდევ უფრო გააუარესებს გაურკვევლობას და იმ შიშს, რომ მაიდანის მეორე ვერსია ამოქმედდება.
გადაცემის სტუმარმა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა დენიელ დევისმა აღნიშნა, რომ ეს შეუწყნარებელია.
„ჩვენ რუსეთს ვადანაშაულებთ სხვა ქვეყნების პოლიტიკაში ჩარევაში და ამავე დროს თავხედურად მოვითხოვთ, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ჩვენთვის სასურველი გზით წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვინმეს დავსჯით. ეს უბრალოდ სრული დარღვევაა იმისა, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი. სწორედ ეს უნდა იყოს დემოკრატიის არსი. ახლა კი, დემოკრატიის ლიდერი ემუქრება სხვა ქვეყნის არჩევნებს, რომ აირჩევთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ან დაგსჯით. ეს შეუწყნარებელია. და იმედი მაქვს, ქართველები ამას სრულად უგულებელყოფენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არავის უყვარს სანქციების ქვეშ ყოფნა.
ვფიქრობ, არსებობს სხვა გზები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს დამოუკიდებლობას და ეკონომიკურ სტაბილურობას დასავლური გზის გაყოლის გარეშე. არ მგონია, რომ ისტორია ჩვენს მიმართ ლმობიერი იქნება, თუ ამას გავაგრძელებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
რაც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, ვინც არ უნდა მოიგოს, დასავლეთმა მათ მხარი უნდა დაუჭიროს, ეს არის ის, რაც წარმატების შანსს მოგცემთ, ეს საუკეთესო გზაა. მივმართავ დასავლეთს, რომ ნუ გამოიყენებთ თქვენს ფულს ზეწოლისთვის. გამოიყენეთ თქვენი ფული, რათა საქართველომ მიიღოს სარგებელი, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ თავი აარიდოს სასჯელს“, – აღნიშნა დევისმა.