პოლიტიკა

სუს-ის მიერ ფულის მითვისებისთვის დღეს დაკავებული პირი ბიჭიკო პაიკიძის ბიზნესპარტნიორია

სუს-ის მიერ ფულის მითვისებისთვის დღეს დაკავებული პირი ბიჭიკო პაიკიძის ბიზნესპარტნიორია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს კომპანია „გურია ენერჯის“ დირექტორი და 100%-ის მესაკუთრე ბიზნესმენი მამუკა ჟღენტი დააკავა. გამოძიება მას 403,095 ლარის მითვისებას ედავება.

საუბარია 2022-2023 წლებში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებზე, რომელიც კომპანია „გურია ენერჯიმ“ ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ 3.5-კილომეტრიან გზაზე ჩაატარა. აღსანიშნია, რომ 2024 წლის ივლისში გზაზე არსებული ხიდი ჩაინგრა.

სუს-ის თანახმად, თანხების მითვისების საქმეში ჩართული იყო ტენდერის საზედამხედველო კომპანიაც, რომლებმაც „გურია ენერჯის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ყალბი დასკვნები გასცეს. აღნიშნულის გამო საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. დააკავეს.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, დაკავებული ბიზნესმენი მამუკა ჟღენტი არის მიმალვაში მყოფი ბიზნესმენის – ბიჭიკო პაიკიძის ბიზნესპარტნიორი. გასულ კვირაში სუს-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიჭიკო პაიკიძის კომპანია ბ.პ. ტრანსმა სახელმწიფო ტენდერებიდან 2.4 მილიონი ლარი მიითვისა. ბიზნეს რეესტრის თანახმად, მამუკა ჟღენტი 25%-ის წილს ფლობს კომპანია ბ.პ. ბეტონში, სადაც ბიჭიკო პაიკიძეც 25%-ის მფლობელია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა), 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თანამონაწილეობა) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება). დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება და მსგავს დანაშაულებზე რეაგირება შეუქცევადი ხასიათის იქნება.

აღსანიშნავია, რომ მამუკა ჟღენტი შპს ბ.პ. ბეტონის თანამფლობელია ბიჭიკო პაიკიძესთან ერთად, რომელსაც ასევე ბრალად ედება ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი თანხის მითვისება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა