4 ოქტომბერს ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი საფრთხე აიცილა, თუმცა ის, რომ ეს საფრთხე რეალურია და ქვეყანაში გადატრიალების გეგმა კვლავ არსებობს ამას ადასტურებს იმავე დღეს სულ რამდენიმე წუთში სხვადასხვა ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადებები, გამოქვეყნებული პოსტები და ა.შ. – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
ვლადიმერ ბოჟაძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის, ვიზიტი ცარიელ რუსთაველზე არადიპლომატიურ ნაბიჯად და უპატივცემულობად შეაფასა, მისი თქმით, ქვეყნის გადატრიალების გეგმა ისევ არსებობს და ვალტონენის სტუმრობაც რუსთაველზე ამის დასტურია.
„სამწუხაროდ, ასეთი გეგმა კიდევ ჩანს და როგორც ჩანს ახალი თარიღიც ცოტა ხანში იქნება ხელახლა გაცხადებული. ამის დასტურია, მათ შორის ქალბატონი ელინას ყოფნა ცარიელ, უკანონოდ გადაკეტილ რუსთაველზე, საკუთარ ელჩთან ერთად, რაც იყო არადიპლომატიური ნაბიჯი და მეორეს მხრივ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და უდიდესი უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. მინდა ვკითხო ქალბატონ ელინას, იგივე ნაბიჯი რომ გადაედგა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, სხვა ევროკავშირის წვერ სახელმწიფოში რა რეაქცია ექნებოდათ იქაურ სახელმწიფოებს და მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ ღირსეული საქციელისთვის, რასაც მასთან შეხვედრის გაუქმება ჰქვია“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ბოჟაძის განცხადებით, გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში, ქართველი ხალხის მიერ და არა უცხო აქტორების მეშვეობით.
„აქვე მინდა მოვუწოდო ქალბატონ ელინას, საქართველოს შიდა და გარე მტრებს, არ ასვენებთ დღედაღამ იამზე ფიქრი, თუ რატომ არის ჩვენს ქვეყანში მშვიდობა, სტაბილურობა, რატომ აგრძელებს ჩვენი ქვეყანა წინსვლას და განვითარებას. რომ საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება მხოლოდ საქართველოში. რომ საქართველოს ბედი გადაწყდება მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლების ბედი გადაწყდება მისი აღმატებულება ქართველი ამომრჩევლების გადაწყვეტილებით და რაც ყველაზე მთავარია საქართველოს ბედი აღარასოდეს გადაწყდება ქუჩაში და ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა ოქტომბერს არჩევნებზე“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.