საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის, სრულყოფილი და ინოვაციური გეგმა წარადგინა. ხედვა, რომელიც, როგორც თავად აღნიშნა, მიზნად ისახავს განათლების სისტემის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას. ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული ცვლილებების პაკეტი; ესაა ხედვა, რომელიც აერთიანებს განათლებას, რეგიონულ განვითარებასა და შრომის ბაზრის საჭიროებებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი წერს სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის ინიციატივა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მზად არის სისტემური ცვლილებებისთვის.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის, სრულყოფილი და ინოვაციური გეგმა წარადგინა. ხედვა, რომელიც, როგორც თავად აღნიშნა, მიზნად ისახავს განათლების სისტემის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას. ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული ცვლილებების პაკეტი; ესაა ხედვა, რომელიც აერთიანებს განათლებას, რეგიონულ განვითარებასა და შრომის ბაზრის საჭიროებებს. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა უმაღლესი განათლების გეოგრაფიული ბალანსის აღდგენა. პრემიერის თქმით, მიუღებელია, რომ უმაღლესი სასწავლებლების უდიდესი ნაწილი დედაქალაქში იყოს თავმოყრილი.
ამჟამად სწორედ ეს მოცემულობა იწვევს სტუდენტების გადინებას რეგიონებიდან და აფერხებს ქალაქების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ახალი მიდგომა გულისხმობს უნივერსიტეტების გეოგრაფიის გაფართოებას, რაც სწავლას უფრო ხელმისაწვდომს და რეგიონებს უფრო სიცოცხლისუნარიანს გახდის. პრემიერის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია ასევე მოიცავს მკაფიო და გამართულ პრინციპს „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“. ამ მიდგომით თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება საკუთარი უნიკალური საგანმანათლებლო პროფილი, რაც თავიდან აიცილებს დუბლირებას, გაზრდის კონკურენტუნარიანობას და შექმნის მკაფიო სპეციალიზაციის ქსელს ქვეყნის მასშტაბით. ასეთ სისტემაში თითოეული უნივერსიტეტი გადაიქცევა კონკრეტული დარგის ცენტრად იქნება ეს ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება თუ მეცნიერება. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან განათლების შესაბამისობა. პრემიერის თქმით, აუცილებელია ჯერ განისაზღვროს, რა სჭირდება ქვეყნის ეკონომიკას, ამის შემდეგ შეიქმნას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ნიშნავს, რომ მომავალში სტუდენტი არ უნდა აღმოჩნდეს დიპლომით უმუშევარი, არამედ ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენოს. პრემიერის მოწოდება პრინციპული ნაბიჯების გადადგმისკენ ნიშნავს, რომ ქვეყანა მზად არის სისტემური ცვლილებებისთვის და სწავლების ხარისხის, მართვის სტრუქტურის და მიზნების გადახედვისთვის. პრემიერის ხედვა, განათლებას აცლის ფორმალურ ჩარჩოს და აქცევს სახელმწიფოს პროგრესის ძირითად საფუძვლად, სადაც პრიორიტეტი ხარისხი, ბალანსი და ინოვაციაა“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.