საგარეო პოლიტიკა

CNN: რუბიოს და ლავროვის შეხვედრა გადაიდო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო, უცნობი მიზეზების გამო გადაიდო. ინფორმაციას CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ტელეარხს წყარომ თეთრი სახლიდან განუცხადა, რუბიოს და ლავროვის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუბიო და ლავროვი ერთმანეთს 23 ოქტომბერს შეხვდებოდნენ. მათ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ბუდაპეშტში გასამართი სამიტი უნდა მოემზადებინათ.

შეხვედრის გადადების კონკრეტული მიზეზები არ სახელდება, თუმცა, როგორც CNN-მა გაარკვია, მოლაპარაკებები დროებით იმის გამო გაუქმდა, რომ რუბიოს და ლავროვს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული ხედვები აქვთ.

CNN-ს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ რუბიოსა და ლავროვის უკანასკნელმა სატელეფონო საუბარმა, რომელიც გუშინ გაიმართა, ამერიკულ მხარეს დაანახა, რომ რუსებს საკუთარი მაქსიმალისტური პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით არ შეუცვლიათ.

სავარაუდოდ, რუბიო და ლავროვი მიმდინარე კვირას კიდევ ერთ სატელეფონო საუბარს გამართავენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა