მე არ გამკვირვებია, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხის შესწავლა შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოების მხრიდან უფრო სიღრმისეულად მოხდეს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გივი მიქანაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რა ინფორმაცია აქვს და რა შეუძლია, თქვას ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, დავით გურგენიძის მიერ გენერალური პროკურატურისთვის რამდენიმე დღის წინ წერილობით მიმართვა, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალმილიონიანი ქონების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას და მოითხოვს, დაიწყოს საქმის გამოძიება, როგორ აღმოჩნდა აგვისტოს ომის პერიოდში ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება, 22 000 კვ.მ შენობა-ნაგებობა სპორტული მოედნებით და ლაბორატორიებით მხოლოდ და მხოლოდ ერთ ლარად მის საკუთრებაში, თავად ალასანიას გარემოცვა პოლიტიკური დევნის მცდელობაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი კორუფციის ნიშნებზე მიანიშნებს.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ყველაზე უფრო დეტალურად ამის შესახებ საზოგადოებამ მოისმინა, როდესაც პარლამენტის ფორმატში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში ეს საკითხი იყო ერთ-ერთი თემატური შეხვედრის, განხილვის კომპონენტი და ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი დეტალი საკითხთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ თავიანთი დამოუკიდებლობის ხარისხი, რომელშიც სახელმწიფო – და ამ შემთხვევაში სამინისტრო – არ და ვერ ჩაერევა.
„მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ, რა მიგნებებამდე მივა ის პროცესი, რომელიც ამ განცხადების საფუძველზე გენერალურ პროკურატურაში დაიწყო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ის, რა ინფორმაციაც გაჟღერდა, თუ დადასტურდა, აშკარად იკვეთება, რომ შესაძლო დანაშაულებრივ ნიშნებს ჰქონდეს ადგილი. ის, რომ არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ამ უნივერსიტეტს ფლობს და აკეთებს პოლიტიკური ხასიათის განცხადებებს, ჩვენი საზოგადოებისთვის არახალია. ეს არის მათი მხრიდან რაღაც ერთგვარი თავდაცვის მანტიის მოსხმა, რომელსაც ყველა მიეჩვია, რომ როგორც კი რაღაც პროცესი იწყება, ისინი ცდილობენ, ამ ყველაფრის პოლიტიზება მოახდინონ, თითქოსდა ვიღაცას დევნიან და ასე შემდეგ, მაგრამ საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე; საზოგადოება იმსახურებს, ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია, რა პროცესები განხორციელდა, მართლა იყო თუ არა ეს პროცესები იმ ფორმით განხორციელებული, რაც ამ განცხადებაში აისახა და თუკი იქ დანაშაულებრივი ნიშნები გამოიკვეთა, ვისი დანაშაული იკვეთება და ვის პასუხისმგებლობაზეა საუბარი. ამიტომ ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა დაველოდოთ ამ პროცესების განვითარებას. მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რამე განცხადება გავაკეთო, ვიდრე არ მეცოდინება პროკურატურის შესაბამისი დასკვნები ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი საკითხი დგას, ეს არასასიამოვნოა და საგანგაშოა“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროკურატურას მიმართა, ქონება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ იქნა მიტაცებული, დაყადაღდეს და შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს.