განათლება

გივი მიქანაძე – მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, პარალელურად, ვაძლიერებთ პროფესიული სასწავლებლების მიმართულებას

ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ მოვშალოთ მენტალობა, რომ აუცილებელია უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რას ვახვედრებთ საპირწონედ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“  განაცხადა.


„ამ კუთხით ძალიან კარგი დინამიკა შეინიშნება სწორედ პროფესიული სწავლების მიმართებით. ამ რეფორმის პარალელურად მიმდინარე პროცესი გვაქვს, რომ ვაძლიერებთ პროფესიულ სექტორს, პროფესიული სასწავლებლების მიმართულებას, როგორც სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებს, სულ 29 გვაქვს, ასევე კერძოებს. პლუს ამას ჩვენი მიზანია, რეგიონებში გავზარდოთ პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა და არა მარტო რაოდენობა, არამედ პროფესიების მიმართულებები, რომ რაღაც ერთი კონკრეტული მიმართულება არ იყოს, ესეც ბაზრის კვლევების საჭიროებიდან გამომდინარე. ახალგაზრდებში რომ შემოვიტანოთ მეტი ინტერესი ამ პროფესიების მიმართ, ამ კუთხით სამინისტრო უკვე ახორციელებს ორ პროექტს. ერთი პროექტი შარშან დავიწყეთ 20 საპილოტე სკოლაში და წელს კიდევ 66 დაემატა, როდესაც ჩვენ შევიტანეთ ინტეგრირებული სასწავლო პროგრამა. რას ნიშნავს ეს? დამამთავრებელ ორ კლასში მოსწავლეს შეუძლია, ძირითადი საგნების პარალელურად, აირჩიოს პროფესიული სწავლების პროგრამა და საქართველოს მასშტაბით უკვე 86 სკოლაში ეს გვაქვს ინტეგრირებული.

შესაბამისად, 2026 წლის მაისში ჩვენ გვეყოლება ამ პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები ამ პილოტური სქემიდან, რომლებიც ორწლიანი სწავლების შედეგად მიიღებენ როგორც სკოლის დამამთავრებელ ატესტატს, ასევე კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელ სერტიფიკატს. მათ შეუძლიათ, თავიანთი კომპანია დაარეგისტრირონ ან ინდმეწარმედ დარეგისტრირდნენ და დაიწყონ კონკრეტული საქმიანობა, რათა შემოსავალი მიიღონ. მათ შეეძლებათ, შემდეგ ეტაპზე გააგრძელონ განათლება როგორც პროფესიული, ისე უმაღლესის მიმართულებით, მაგრამ ჩვენ მათ ვაინტერესებთ და ვაძლევთ საშუალებას. მინდა, გითხრათ, რომ ამაზე მოთხოვნა მზარდია, როგორც მოსწავლეების მხრიდან, რომ ჩაეწერონ, ასევე სკოლების მხრიდან, რომ ჰქონდეთ ეს პროგრამები და იქ, სადაც აქვთ, ითხოვენ, დივერსიფიცირება მოვახდინოთ და უფრო მეტი პროფილის სასწავლო პროცესები შევიტანოთ. ანუ, ამას უკვე აქვს პოზიტიური გამოხმაურება. მეორე პროექტი, რომელიც წელს დავიწყეთ, არის სტემკლუბები. ეს არის მიმართულებები, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის – ამ მიმართულებების ცოდნის გაძლიერებასთან“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, შესაბამისი კონკურსის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 209 სკოლიდან შეირჩა პედაგოგები, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში შესაბამისი ინსტრუქტორების მეშვეობით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე გადიოდნენ კონკრეტულ გადამზადებას.

„ეს სტემკლუბები მიმდინარე პროცესია და დიდია დაინტერესება ახალგაზრდების მასში ჩართულობის, მონაწილეობის, რაც  საინტერესოს ხდის მათთვის ამ პროცესებში მონაწილეობას და იმ საგნების შესწავლას. ეს ყოველწლიურად მზარდი იქნება. ჩვენ ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ამ კონკრეტულ სკოლებში, ვნახულობთ, რა არის კიდევ უფრო დასახვეწი და რა არის დამატებით გასაკეთებელი, რათა უფრო მაღალი ეფექტიანობა და ხარისხი მივიღოთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა