გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიასა და ევროკავშირს მომავალშიც დასჭირდებათ სხვა ქვეყნებიდან სამუშაოდ ჩასული ადამიანები.
ამის შესახებ მერცმა გასულ კვირას გაკეთებული განცხადების შემდგომ კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა. კერძოდ, გერმანიის კანცლერმა ქვეყანაში არსებულ დანაშაულებთან უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავშირა, რის გამოც მას ქსენოფობიის წახალისებაში ადანაშაულებდნენ.
ფრიდრიხ მერცის თქმით, მიგრანტები შრომის ბაზრის აუცილებელი ნაწილი არიან.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა განმარტა, რომ პრობლემებს ისინი ქმნიან, ვისაც არ აქვთ მუდმივი ბინადრობის სტატუსი, არ მუშაობენ და არ იცავენ წესებს.
„გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ბევრ ადამიანს ბოლო წლებში ეშინია გარეთ გასვლის. ეს ეხება რკინიგზის სადგურებს, მეტროსადგურებს, პარკებს, უბნებს, რაც პოლიციისთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს“, – აღნიშნა მერცმა.