თბილისის საქალაქო სასამართლოში ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პროცესი მიმდინარეობს – საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა იხილავს. დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიება უნდა გადაისინჯოს.
სხდომაზე მოსამართლემ ხაბეიშვილს უთხრა, რომ მას ისევ იმაში ედება ბრალი, რაშიც ედებოდა, მაგრამ დღევანდელი სხდომის ჩატარების საფუძველი გახდა პროკურატურის მომართვა საგამოძიებო დროის გახანგრძლივების შესახებ. ანუ პროკურატურამ ორ თვეზე მეტი ითხოვა მტკიცებულებების შესაგროვებლად.
ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერმა ლიდერმა განცხადების გაკეთების უფლება ითხოვა.
„ორი თვეა ციხეში ვარ, ვერ გავიგე რატომ და განცხადების უფლება არ მაქვს?” – სვამს კითხვას ხაბეიშვილი, რაზეც მოსამართლე პასუხობს, რომ როცა მისი სიტყვის დრო მოვა, მაშინ ისარგებლებს.
ამ წუთებში, ბექა ხუნაშვილი იწყებს შუადგომლობის დასაბუთებას და ამბობს, რომ წინა მოსამართლემ მათი არგუმენტები გაიზიარა და პატიმრობა შეუფარდა ხაბეიშვილს. მას მიაჩნია, რომ სახეზეა ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე.
“შესაბამისად ჩვენი პოზიცია უცვლელია… დატოვეთ პატიმრობა ძალაში“, – ამბობს პროკურორი.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.











