“მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები. სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა. ახლა საფრთხის ქვეშ დგას თავად თავისუფლების სანდოობა” – კოალიცია ცვლილებისთვის, რომლის ოთხივე ლიდერი საპატიმროშია, ღია წერილით მიმართავს ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს და პარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მთავრობებსა და პარლამენტებს.
“დღეს, როდესაც “ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყნის მთავარი პროდასავლური პოლიტიკური ძალების – “ახალი“-ს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“-სა და “ლელო“-ს აკრძალვას ცდილობს და სახელმწიფო ინსტიტუტები რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელში რეპრესიების იარაღადაა ქცეული, საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე.
მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს, დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები. სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა. ახლა საფრთხის ქვეშ დგას თავად თავისუფლების სანდოობა.
სწორედ, ამიტომ:
ჩვენ მოგიწოდებთ:
1. პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყველა იმ დეფაქტო ოფიციალური პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლო მანიპულაციებზე და რუსეთთან თანამშრომლობაზე.
2. “MEGOBARI Act“-ის მიღება აშშ-ის სენატის მიერ – როგორც ძლიერი სიგნალი ქართველი ხალხის პროდასავლური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.
3. ყველა პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობის შეჩერება რეჟიმთან მანამდე, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, არ შეწყდება რეპრესიები და არ აღდგება კონსტიტუციური წესრიგი.
4. საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც ქართული ხალხის ევროპული ნების ლეგიტიმური წარმომადგენლებისა” – წერია კოალიციის განცხადებაში.











