რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა, რომელიც ტრამპის და MAGA მოძრაობის თავგამოდებული მხარდაჭერით არის ცნობილი, განაცხადა, რომ მის მიმართ არსებული მრავალრიცხოვანი მუქარები „მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი ადამიანის მიერ არის წაქეზებული და გაღვივებული“.
მისივე თქმით, ამ ფონზე მას რამდენიმე დაცვის ფირმა დაუკავშირდა გაფრთხილებებით.
„ჩემს მიმართ აგრესიული რიტორიკა ისტორიულად იწვევდა სიკვდილით მუქარებს… ტრამპის აგრესია ჩემ მიმართ, რომელიც რადიკალურ ინტერნეტ-ტროლებს კვებავს, სრულიად შოკისმომგვრელია“, — დაწერა მარჯორი ტეილორ გრინმა სოციალურ ქსელ X-ში.
მან დასძინა, რომ ხვდება, თუ, რა შიშსა და ზეწოლას განიცდიდნენ ეპშტეინის მსხვერპლები.
გრინსა და ტრამპს შორის ურთიერთობა სწორედ სექსუალური დამნაშავის ფაილების ირგვლივ ატეხილი სკანდალის ფონზე გაუარესდა. ტეილორ გრინი დაჟინებით მოითხოვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ყველა დოკუმენტი გაასაჯაროოს. მან ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტის პოლიტიკა სხვა საკითხებზეც
ტრამპმა გრინი „ულტრამემარცხენე“ პოზიციებზე გადასვლაში დაადანაშაულა, დაჰპირდა, რომ მის კონკურენტს დაუჭერს მხარს მომდევნო არჩევნებზე და მას „მოღალატე“ და „რესპუბლიკური პარტიის სირცხვილი“ უწოდა.











