დიდი ბრიტანეთის პოლიცია დათანხმდა, რომ 20 ათასი ფუნტის (თითოეულ მშობელზე 10 ათასი ფუნტი) კომპენსაცია გადაუხადოს წყვილს, რომელიც დააპატიმრეს და რვა საათი საკანში გაატარებინეს იმის გამო, რომ მათი ქალიშვილის სკოლის ადმინისტრაციას აკრიტიკებდნენ. გახმაურებული ამბავი ჰართფორდშირის საგრაფოში, ქალაქ ბორჰემვუდში მოხდა.
მიმდინარე წლის 29 იანვარს, ექვსი პოლიციელი მივიდა როზალინდ ლევინის და მაქსი ალენისსახლში და წყვილი „ბულინგის, მავნე შეტყობინებების გავრცელებისა და სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ ბრალდებით დააპატიმრა.
მშობლები პოლიციამ მათი სამი წლის ქალიშვილის თანდასწრებით აიყვანა. ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს, ჩაუტარეს ჩხრეკა, აუღეს თითის ანაბეჭდები და საკანში მოათავსეს, რის შემდეგაც ბრალის წაუყენებლად გაათავისუფლეს.
პოლიციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ დაკავება „აუცილებელი იყო ბრალდებების სრულად გამოსაძიებლად“, თუმცა შემდეგ დაასკვნეს, რომ „დამატებითი მოქმედებებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ მოიძებნა“.
მშობლების კონფლიქტი Cowley Hill-ის დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელობასთან მაისში დაიწყო.
როგორც Guardian იუწყება, ალენმა (რომელიც წარსულში თავად იყო სკოლის საბჭოს წევრი) სკოლას მიმართა წერილით, სადაც გაკვირვება გამოთქვა ახალი დირექტორის დანიშვნის პროცესის გამო, რადგან ღია კონკურსი არ გამოცხადებულა.
მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნები უარყვეს, წყვილმა თავისი გაკვირვება და მოსაზრებები მშობლების WhatsApp-ის ჩატში დაწერა. საპასუხოდ, სკოლამ მშობლების საბჭო გააფრთხილა „ცილისმწამებლური და პროვოკაციული“ კომენტარების შესახებ და დაიმუქრა, რომ დევნას დაიწყებდა მათ წინააღმდეგ, ვინც „ჰარმონიის დარღვევას“ გამოიწვევდა.
ალენსა და ლევინს აუკრძალეს სკოლის ტერიტორიაზე შესვლა, რის გამოც ვერ შეძლეს დასწრებოდნენ მშობელთა კრებას, სადაც უნდა განეხილათ მათი 10 წლის ქალიშვილის, საშას(რომელსაც ეპილეფსია აქვს) საგანმანათლებლო საჭიროებები.
ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ იღებდა „დიდი რაოდენობით პირდაპირ კომუნიკაციებს და პოსტებს სოციალურ ქსელებში“, რაც თანამშრომლების, მშობლების და საბჭოს წევრების დისკომფორტს იწვევდა.
მას შემდეგ, რაც წყვილის დაკავების საქმე ხელახლა განიხილეს, ჰართფორდშირის პოლიციამ დაასკვნა, რომ ოფიცრების ქმედება არაპროპორციული იყო და „არ არსებობდა აუცილებელი იურიდიული საფუძველი დაპატიმრებისთვის“.
„ეს იყო როგორც საშინელ სიზმარში. არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა… ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები… მაგრამ მათ არასდროს უთქვამთ, რომელი შეტყობინებები მიიჩნიეს დანაშაულებრივად. ეს იყო ზუსტად ისევე, როგორც კაფკასთან“, – თქვა ალენმა.
- როზალინდ ლევინმა კი აღნიშნა, რომ ჩატში მისი ყველაზე „მკაცრი“ გამონათქვამი იყო ის, რომ სკოლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს „კონტროლ-ფრიკი“ უწოდა.
პოლიციამ თითოეულ მშობელს უკანონო დაპატიმრებისთვის 10 ათასი ფუნტი გადაუხადა.
ჰართფორდშირის პოლიციის კომისარმა, ჯონათან ეშ-ედვარდსმა, განაცხადა: „აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ღრმა კრიზისზე სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთობებში, და ეს არ უნდა გამხდარიყო პოლიციის ყურადღების საგანი“.











