აშშ-ის სენატმა კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, გამოაქვეყნოს სექსუალურ სკანდალში მხილებულ მილიარდერ, გარდაცვლილ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილები. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, „ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის აქტი“ სენატმა ერთხმად, დაჩქარებული წესით, ფორმალური კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა. ეს კი მას შემდეგ, რაც კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 427 ხმით, 1-ის წინააღმდეგ მიიღო.
კანონპროექტი რომ კანონად იქცეს, მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. შესაბამისად, კანონპროექტი სენატიდან პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.
„საქმე არა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ან კონგრესისა და პრეზიდენტის დაპირისპირებას, არამედ ხალხისთვის იმ გამჭვირვალობის მინიჭებას ეხება, რასაც ისინი დიდი ხანია ითხოვენ,“ – აცხადებს აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი.
შუმერი ჯეფრი ეპშტეინის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს, ვინც გოგონების მიმართ ძალადობას ხელს უწყობდნენ, პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, თავიდან დონალდ ტრამპი ფაილების გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო, თუმცა აზრი შეიცვალა და კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს მოუწოდა, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებისთვის მიეცათ ხმა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს.











