Uncategorized

ეკა სეფაშვილი ევროპულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაში მონაწილეობს

პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე ქვეყნების ევროინტეგრაციის/ევროპულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების (COSAP)კონფერენციაზე. დეპუტატმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსა და საკითხებზე, რის წინაშეც საქართველო დგას.

“ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დიალოგი საქართველოსთან, რადგან ეს მათ შეწყვიტეს და არა ჩვენ. დიალოგი საჭიროა, რათა გავცვალოთ მოსაზრებები ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე”- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა და განმარტა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია და ქვეყანა აგრძელებს რეფორმების განხორციელებას, რათა შეძლოს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაცია.

“როგორც იცით, ამ წლის ბოლოს ევროკავშირის კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში გაფართოების შესახებ, რომელიც აფასებს ქვეყნების პროგრესს ევროპული ინტეგრაციის კუთხით და ეს ანგარიში, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს მიმართ არ იყო სიმართლეზე დაფუძნებული და არ ასახავდა ქვეყანაში არსებულ რეალობას. მინდა რამდენიმე მომენტს გავუსვა ხაზი. პირველ რიგში, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მტკიცედ ერთგული რჩება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა. ჩვენ ასოცირების შეთანხმების, დაახლოებით, 70%-ზე მეტი შევასრულეთ. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმება არა მხოლოდ ჩვენი ვალდებულებაა, არამედ ეს არის ევროკავშირის მხარის ვალდებულებაც. მანაც უნდა შეასრულოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ, ევროკავშირი ფაქტობრივად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს- ვგულისხმობ დიალოგის პროცესს, რომელიც ევროკავშირის კომისიის მხრიდან შეჩერდა.

ევროკომისიის მხრიდან იყო ხმამაღალი განაცხადები, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი – რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს პროცესი არ არის შეჩერებული. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას, ჩვენი საკანონმდებლო სისტემის ჰარმონიზაციას და ევროპულთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. ამ სამუშაოს ყოველდღიურად ასრულებენ ჩვენი საჯარო მოხელეები, ჩვენი სხვადასხვა ორგანოები. ჩვენი საშინაო დღის წესრიგი ისეა განსაზღვრული და ჩამოყალიბებული, რომ პირდაპირ ეთანხმება და პასუხობს ევროინტეგრაციის პროცესს. 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთადერთი, რაც მოხდა, ის იყო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ვერ გამოეყენებინათ ევრობიუროკრატებს, როგორც ინსტრუმენტი ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად და განვაცხადეთ, რომ ევროკავშირს წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ მოვითხოვდით. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად მზად მხოლოდ 2028 წელს ვიქნებით, რადგან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების სრული სპექტრი ამ დროისთვის შესრულდება. მანამდე, თავად ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაფართოებისთვის მზად არ იქნებოდა 2030 წლამდე. ამიტომ, ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ 2028 წელს დაგვეწყო, როდესაც ასოცირების შეთანხმებას სრულად შევასრულებდით და როდესაც თავად ევროკავშირი იქნება მზად წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად და გაფართოებისთვის, რათა კიდევ ერთი ქვეყანა ჩაერთოს ევროპის ერთიან ბაზარზე.

ამჟამად რა ხდება? თავად ევროკავშირმა და ევროკომისიამ შეწყვიტეს დიალოგი ქართულ მხარესთან, რაც, ვფიქრობ, დემოკრატიული ნაბიჯი არ არის, რადგან დემოკრატია დაფუძნებულია დიალოგზე, გაზიარებაზე, კამათზე. ევროკავშირის მხრიდან დიალოგის პროცესის შეჩერება, ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან საქართველოში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება და გაძლიერება. საქართველო მთელი ამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მხრივ, ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დიალოგი საქართველოსთან, რადგან ეს მათ შეწყვიტეს და არა ჩვენ. დიალოგი საჭიროა, რათა გავცვალოთ მოსაზრებები ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა. ცნობისთვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე ქვეყნების ევროინტეგრაციის/ევროპულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების (COSAP)კონფერენცია, საპარლამენტო კომიტეტებისთვის ფორუმს წარმოადგენს. ფორუმის ფარგლებში საპარლამენტო კომიტეტებს შეუძლიათ განიხილონ და ითანამშრომლონ ევროკავშირში (EU) ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რეგულარული შეხვედრების მეშვეობით ფორუმზე ხდება საშინაო რეფორმების, ევროკავშირის გაფართოების პროცესისა და საერთო გამოწვევების განხილვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა